საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში

26 ივლისს, ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სჰეფერს შეხვდა, რის შემდეგაც დაესწრო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას.

პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, კონფლიქტების დარეგულირებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. ოცწუთიანი გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოსადმი, ასევე პირადად პრემიერ-მინისტრის ძალისხმევისადმი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა გამოხატეს.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ნატო-ს წევრი ქვეყნების მყარი მხარდაჭერა, რაც რეალურს ხდის საქართველოს ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის პერსპექტივას.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, "ჩვენ და ნატო მზად ვართ შემდეგი ნაბიჯისთვის. დღის წესრიგში კონკრეტულად ერთი საკითხია, თუ როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ - ეს იქნება ძალიან მალე".

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის საკითხი სავარაუდოდ სექტემბერში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება განხილული.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი