საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

შეიქმნა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისია

საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისათვის, ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შეჯერების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისია.

2009 წლის 12 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად კომისიის თავმჯდომარეობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაევალა.

„დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი - დიმიტრი შაშკინი იქნება. სამუშაო ჯგუფი, ყველა იმ მსურველისგან შედგება, რომელთაც ამ დემოკრატიულ რეფორმებში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ვსაუბრობ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაზე, ასევე საპარლამენტო ოპოზიციაზე, არასაპარლამენტო ოპოზიციაზე , არასამთავრობო ორგანიზაციებზე და საზოგადოების წევრებზე.

ჯგუფი, სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. მათ შორის: დემოკრატიულ რეფორმებზე, საკუთრების დაცვისა და პენიტენციალური სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. ბევრი გვაქვს გასაკეთებელი დემოკრატიული ინსტიტუტის შექმნისათვის. ეს ჯგუფი, სწორედ ამისთვის არის ჩამოყალიბებული და უახლოეს მომავალში, სწორედ ამ რეკომენდაციებზე იმუშავებს," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი