საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბიზნესმენებს შეხვდა

2009 წლის 13 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასში" ბიზნესმენებს შეხვდა. პრემიერ-მინისიტრმა წარმოადგინა პრეზენტაცია „საქართველოს ეკონომიკის 2009 წლის მიმოხილვა." მისასალმებელ სიტყვაში ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრს მჭიდრო ურთიერთობა ექნება, როგორც კერძო სექტორთან, ისე ქართულ ბიზნესთან.

„მსგავსს, ან უფრო მცირე კონტინგენტიან შეხვედრებს სულ ცოტა, თვეში ერთხელ გავმართავ. ჩვენი მხრიდან მოისმენთ ჩვენს გეგმებს, ხოლო თქვენი მხრიდან, გვინდა მოვისმინოთ თუ რა პრობლემები გაქვთ, რა ფორმით შეგვიძლია თანამშრომლობა, დახმარება.. ამ შეხვედრის მეორე მიზანი ცოტა განსხვავებულია. ჩემთან ხშირად მოსულა ქართველი ბიზნესმენი და უთქვამს, რომ მას ყავს უცხოელი პარტნიორი, უცხოელი ინვესტორი, ის სხვადასხვა საიტებზე ეძებს მასალას, რაც უცხოელი ინვესტორისთვის მაკროეკონომიკის წარდგენისთვის სჭირდება, მაგრამ ვერ ახერხებს. თქვენთვის სწორედ ასეთი პრეზენტაციის წარდგენა მინდა. ეს პრეზენტაცია ინტერნეტ გვერდზე დაიდება, ამ საიტით სარგებლობა, ყველას შეეძლება. პრეზენტაციის ბოლოს მითითებული იქნბა ჩემი და ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული მისამართი. ნებისმიერი კითხვა, რომელიც თქვენ, თქვენს უცხოელ პარტნიორს, ან ინვესტორს გაუჩნდება შეგიძლიათ მოგვმართოთ. ჩემი მიზანია მთავრობამაც და კერძო სექტორმაც მსოფლიოს, ერთი და იგივე მესიჯებით, ფაქტებით და პრეზენტაციებით ისაუბრონ. დარწმუნებული ვარ, ეს ინტერნეტ გვერდი უცხოელ ინვესტორებს, თქვენს პარტნიორებს, საკმაოდ მსხვილი, კერძო სექტორის წარმომადგენლებს და საინვესტიციო ფონდებს, რომელთაც მთავრობის წარმომადგენლები ვხვდებით ხოლმე, ბევრ კითხვას დაუკმაყოფილებს. რეალურად, ამ პრეზენტაციით გვინდა წარმოვადგინოთ ის, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომრეობა, მიუხედავად რუსეთის აგრესიისა და ფინანსური კრიზისისა, რეგიონში ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო გარემოდ რჩება. განსაკუთრებით თუ ამ რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებს შევადარებთ. თუნდაც უკრაინას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს,უნგრეთს, პრიბალტიკას, ბალტიის პირეთს და ჩვენ მეზობლებსაც," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ მისთვის ხშირად უთქვამთ ქართველ ბიზნესმენებს, რომ მათ ყავთ უცხოელი ინვესტორი, უცხოელი პარტნიორი და სჭირდებათ რაიმე დოკუმენტი, ან პრეზენტაცია, რომლის შესახებ ექნებათ საუბარი ეკონომიურ მდგომარეობის და იმ გეგმებს შესახებ, რომელიც მთავრობას გააჩნია. „სწორედ ესეთი დოკუმენტი შევქმენით ახლა. ამ შეხვედრის რეალური მიზანი ასევე ის არის, რომ ხშირად შევხვდე ქართველ ბიზნესმენებს, საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც რეალურად ქმნიან სამუშაო ადგილებს. მათი პრობლემებით ყოველთვის დავინტერესდები და ყოველთვიურ რეჟიმში საკმაოდ ინტენსიური დიალოგი მექნება," - დასძინა მან.