საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ფეროშენადნობ ქარხანას ეწვია

2009 წლის 16 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას ეწვია, სადაც ლითონის დამსხვრევა-დახარისხების კომპლექსი გაიხსნა.


"ამ საამქროს რეალური მნიშვნელობა არის ის, რომ ფეროშენადნობის პროდუქციის ხარისხი, რომელსაც ეს საწარმო უშვებს გაუმჯობესდება. შესაბამისად, უფრო კონკურენტული იქნება მსოფლიო ბაზარზე, უფრო მეტი ადამიანის დასაქმება შეიძლება ამ საწარმოში. სწორედ ეს არის ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი - წავახალისოთ ასეთი საწარმოები, გვერდში დავუდგეთ ასეთ ინვესტორებს. ეს არის უკრაინული ინვესტიცია. მათ უკვე მრავალი მილიონი ჩადეს ამ საწარმოში. ბოლო საამქრო მათ დაუჯდათ 3,5 მილიონი დოლარი.
ვიმედოვნებ, რომ ასეთი ინვესტიციები გაგრძელდება და საქართველოში ჩვენ დავინახავთ უცხოური ინვესტიციების და ეკონომიკური აქტივობის ზრდას. ვაპირებ საქართველოში ყველა ასეთი საამქროს და საწარმოს გახსნაზე ჩავიდე; ხელი გავუწოდო, მადლობა გადავუხადო და იმედი გამოვთქვა, რომ ნებისმიერი ბიზნესმენი გააგრძელებს საქართველოში მუშაობას და ინვესტიციების განხორციელებას," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


ლითონის დამსხვრევა-დახარისხების კომპლექსი თვეში 15 ტონა მზა პროდუქციას უშვებს, ხოლო საწარმო გამოუშვებს 7 ათას ტონა სილიციუმ-მანგანუმს. საამქროში 100- მდე ადგილობრივი მოსახლე არის დასაქმებული.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი