საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ვიზიტით ინდონეზიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ინდონეზიაში გაემგზავრა, სადაც გაიმართება აზიის განვითარების ბანკის მმართველი საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა.

გამგზავრების წინ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ხელი მოეწერება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, რომელიც წელს და მომდევნო წლებში განხორციელდება, 90 მლნ დოლარამდე გამოყოფის შესახებ შეთანხმებას. „გარდა ამისა 30 მლნ დოლარი იქნება განკუთვნილი მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, რომელიც აწარმოებს მუნიციპალურ პროექტებს რეგიონებში. ეს თანხები ჯერ-ჯერობით საბანკო სექტორისთვის არ არის გამოყოფილი, თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ ამაზეც გვექნება მოლაპარაკებები. აზიის განვითარების ბანკს ცალკე ინსტიტუტი ყავს, რომელიც მხოლოდ საბანკო სექტორზე მუშაობს. თვითონ აზიის განვითარების ბანკი არ მუშაობს საბანკო სექტორთან, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება შეხვედრები, იმისათვის რომ დაიწყოს საბანკო სექტორის დახმარება,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

„მოლაპარაკებები გაიმართება 2009 წელს საქართველოსთვის დაახლოებით 200 მლნ დოლარზე მეტ ინვესტიციებზე. გარდა ამისა გვექნება საუბარი 2010 წლის დაფინანსებაზეც. ასევე მინდა ავღნიშნო და მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს იმაზე, რომ რეალურად გაიზრდება საბიუჯეტო დახმარება 40 მლნ დოლარიდან მინიმუმ 70 მლნ დოლარამდე ეს თანხა წელს შეიძლება გაორმაგდეს,"-დასძინა მან. 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური