2009 წლის 15 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2009 წლის 15 დეკემბრის მთავრობის სხდომა 2009 წლის 15 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა . დღის წესრიგში 59 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

როგორც სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, საქართველოში H1N1 ვირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა.

„ჯამში, ამ ვირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. ოთხივე შემთხვევაში, სიკვდილის მიზეზი ექიმთან დაგვიანებით მისვლა იყო. საზოგადოების ყველა წევრს, ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, რომ დროზე მიმართონ ექიმს. ეს რთული ვირუსი არ არის, თუ დროზე იქნა აღმოჩენილი, ძალიან მარტივად იკურნება.

ქვეყანაში „ტამიფლუ"-ს და ყველა იმ მედიკამენტის, რომელიც საჭიროა ვირუსთან შებრძოლებისთვის, საკმარისზე მეტი მარაგია. პოლიკლინიკებში და საავადმყოფოებში H1N1-ის მკურნალობა უფასოა. აგრეთვე, პირბადეებიც უფასოა და პოლიკლინიკებში არის. მინდა ყველას გთხოვოთ და მოგიწოდოთ, თუ რაიმე გაწუხებთ, გაქვთ მაღლი სიცხე ან ის სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს H1N1-ის ვირუსს, გთხოვთ დროზე მიაკითხოთ ექიმს," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს ორიოდე სიტყვის დამატება სთხოვა.

„სამწუხაროდ,გართულების საფუძველზე კიდევ სამი ლეტალური შემთხვევა იყო. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ აუცილებლად მიმართონ ექიმს. ვირუსი ძალიან მარტივად იკურნება, თუ არის დროზე მიმართვა. რთულდება მაშინ, თუკი არის დავგიანებული შემთხვევა.

ამ მომენტისთვის სულ 1750 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. ყველა, ამ ოთხი შემთხვევის გარდა, გამოჯანმრთელდა და ნორმალურად და ჯანმრთელად არის.

ნოემბერ-დეკემბერში რესპირატორული დაავადებით და გრიპის ნიშნებით 45 ათასამდე მომართვა იყო. გართულება არ ყოფილა, გარდა ამ ოთხი შემთხვევისა. სამწუხაროდ, ეს შედეგიც არის დაგვიანებული მიმართვის მიზეზით.

პოლიკლინიკებში არის „ტამიფლუ"-ს მარაგი. სულ გვაქვს 146 ათასი დოზა „ტამიფლუ" და 35 ათასი დოზა „რელენზა". ეს არის იმ რაოდენობაზე მეტი, რისი რეკომენდაცია გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.

ამ პრეპარატების ადმინისტრირება არ შეიძლება თვითმკურნალობის კუთხით, ამიტომ მედიკამენტები გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო პოლიკლინიკებიდან. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იყოს ექიმის დანიშნულება როგორც დოზირებაზე, ასევე მიღებაზე. თვითმკურნალობა არაფრით არ შეიძლება და არ შეიძლება ამ მედიკამენტების მიღება პრევენციის მიზნით.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობამ იკლო, რაც კარგი მაჩვენებელია. აგრეთვე, „ტამიფლუ"-ს გამოწერა და პირბადეების დარიგება სასწრაფოს ექიმებს შეუძლიათ," - დასძინა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური