საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №222

,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილებაში  ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილებით (სსმ, 2007 წელი, N65, მუხლი 731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვით ან/და ჩარიცხვით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო).".

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის შესახებ სამინისტროსათვის წარსადგენი დოკუმენტაცია

1. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
განცხადებას უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის საჭიროების ან/და აუცილებლობის დასაბუთება მათი შემდგომი გამოყენების მიზნის მითითებით;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის - მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
გ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამოსარიცხი ან სახელმწიფო ტყის ფონდში ჩასარიცხი ფართობის დაზუსტებული და უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

2. თუ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობის ამორიცხვას მოითხოვს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენების მიზნით კერძო საკუთრებაში შესაძენად, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი ბიზნესპროექტი.

3. სამინისტროში წარდგენილი მასალები კომისიის სხდომისათვის საკითხის მომზადების მიზნით გადაეცემა სამინისტროს შესაბამის დარგობრივ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც განიხილავს მათ და დასმული საკითხის გა-დაწყვეტის შესაძლებლობის თაობაზე დასკვნის მოსამზადებლად წარუდგენს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამოსარიცხი ან სახელმწიფო ტყის ფონდში ჩასარიცხი ფართობის მართვისათვის უფლებამოსილ ორგანოს.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამოსარიცხი ან სახელმწიფო ტყის ფონდში ჩასარიცხი ფართობის მართვისათვის უფლებამოსილი ორგანო შეისწავლის დასმულ საკითხს და მოამზადებს დასკვნას მისი გადაწყვეტის მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის თაობაზე. დასკვნაში უნდა მიეთითოს ამოსარიცხი ან ჩასარიცხი ფართობის ადგილმდებარეობა, რომელსაც სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობის ამორიცხვის შემთხვევაში, უნდა დაერთოს ფართობის ადგილმდებარეობის გეგმა (აბრისი) ტყეთმოწყობის მასალების მიხედვით.

5. სამინისტრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მასალებს, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამოსარიცხი ან/და ჩასარიცხი ფართობების მართვისათვის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის დასკვნასთან ერთად, შესათანხმებლად წარუდგენს:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს;
ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;
გ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამის დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს.".

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამინისტრო მომზადებულ მასალებს წარადგენს კომისიის სხდომაზე. კომისია განიხილავს ამ მასალებს, რომლის საფუძველზეც იღებს შესაბამის რეკომენდაციას.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური