საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №228

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N10 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, 2009 წელი, N11, III ნაწილი, მუხლი 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარების პოლიტიკა, ტრანსპორტის სფეროში (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიეროტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.".

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ნ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ნ) ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება, კოორდინაცია და კონტროლი;".

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ო" და "ჟ" ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის "კ" ქვეპუნქტი:
"კ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.".

5. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის "გ" ქვეპუნქტი.

6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის "ფ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ფ) უზრუნველყოფს ტრანსპორტისა და საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს;".

7. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტი.

8. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის "კ" ქვეპუნქტი:
"კ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი - ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავება, არსებული შეთანხმებების გადახედვა დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადება; შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა; ტრანსპორტის სფეროში ლიბერალიზაციის პროცესების განხორციელების ხელშეწყობა.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური