საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №236-1

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2009 წლის 22 დეკემბრის
N236 დადგენილებით

 

იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) სახსრებით, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა.თ." ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს იმ ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების (საწარმოების) მიერ, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (შემდგომში - საწარმო), საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.

2. ამ წესის მიზანია საწარმოთა მიერ სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად გატარება მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

მუხლი 2. შესყიდვების განხორციელების წესი

1. საქონლის/მომსახურების შესყიდვისას საწარმოებს აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენების თვალსაზრისით.

2. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ამ წესით გათვალისწინებულ საწარმოთა მიერ ხორციელდება მხოლოდ "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. გადაწყვეტილება საქონლის/მომსახურების შესყიდვის თაობაზე მიიღება "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის დებულებათა გათვალისწინებით.

4. საქონლის/მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება, შესრულება და სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.

5. საქონლის/მომსახურების შესყიდვის შესახებ საწარმოსა და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ დადგენილების მოქმედების ვადას - 2011 წლის 31 დეკემბერს.