საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №237-1

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2009 წლის 22 დეკემბრის
N237 დადგენილებით

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის -
"საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ"
დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. "საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ" (შემდგომში - ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონისა და "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ" შექმნის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის N752 ბრძანებულების შესაბამისად.

2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლება-მოსილება. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

4. ცენტრს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქუჩა N7.

მუხლი 2. ცენტრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და
საქმიანობის მიმართულებები

1. ცენტრის ძირითადი მიზნები და ფუნქციებია:
ა) ნატოს შესახებ მართებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირება საქართველოში;
ბ) ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ნატოს დემოკრატიულ, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებთან დაახლოების გზით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
გ) ფართო საზოგადოების უზრუნველყოფა ნატოს შესახებ ხელმისაწვდომი საინფორმაციო მასალით;
დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ფართო საზოგადოებისათვის უახლესი ინფორმაციის მიწოდება;
ე) საქართველოს მოსახლეობის გათვითცნობიერება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებსა და პრიორიტეტებში;
ვ) ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ნატოს წევრ და ნატოს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა.

2. ზემოაღნიშნული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრი:
ა) აწყობს ბრიფინგებს, სიმპოზიუმებს, ლექციებს, გამოფენებს, კონკურსებს, ტრენინგებს, კინო და ვიდეოჩვენებებს, კონფერენციებსა და სემინარებს;
ბ) ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო მასალას საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ნატოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებებში ქართველი სტუდენტების, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისა და ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობას;
დ) ქართველ მეცნიერებს აწვდის ინფორმაციას ნატოს სამეცნიერო პროგრამების შესახებ;
ე) საკუთარი ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით ახორციელებს დეტალური ინფორმაციის გავრცელებას ნატოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;
ვ) თავისი საქმიანობის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასთან, ინფორმაციის მიღებისა და რეგულარულად განახლების მიზნით თანამშრომლობს სხვა ქვეყნებში არსებულ ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ანალოგიური საქმიანობით;
ზ) ნატოს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად შეიმუშავებს და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს;
თ) ამზადებს და ავრცელებს ატრიბუტიკას ნატოსა და საქართველოს სიმბოლიკით.

მუხლი 3. ცენტრის ხელმძღვანელობა

1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (შემდგომში - სახელმწიფო მინისტრი).

2. დირექტორი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობისათვის, ასევე ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის.

3. დირექტორი:
ა) ახორციელებს ცენტრის მართვასა და წარმომადგენლობას;
ბ) განსაზღვრავს ცენტრის საინფორმაციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;
გ) მართავს პრესკონფერენციებს აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით;
დ) წარმოადგენს საკონტაქტო პირს ცენტრსა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებას შორის და კოორდინაციას უწევს მათ თანამშრომლობას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, განკარგავს ცენტრის სახსრებსა და ქონებას, ამ დებულების შესაბამისად;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის აპარატის სტრუქტურასა და ხარჯთა ნუსხას, განსაზღვრავს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს;
ზ) სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ი) სახელმწიფო მინისტრს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს ცენტრის ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

5. დირექტორის მოადგილე:
ა) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს;
ბ) დირექტორის დავალებით ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობის გარკვეულ სფეროებს.

6. ცენტრს თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის შეუძლია დააარსოს ფილიალები.

მუხლი 4. ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფა და დაფინანსება

1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება;
გ) გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. აკრძალულია ცენტრის მიერ მიღებული სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება სხვა მიზნით, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისა.

მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება

1. ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვაანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო მინისტრს.

2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო მინისტრის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.

3. სახელმწიფო მინისტრი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს სახელმწიფო მინისტრი.

5. ცენტრმა სახელმწიფო მინისტრის თანხმობითა და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განხორციელება საჭიროებს აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის "ბ" და "გ" ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 7. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი

ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.