საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №239

"გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს N143 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს N143 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N97, მუხლი 1095) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესებისა და პირობების მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციებით:

"4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არ არიან განსაზღვრული არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში, ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.

5. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან, რომელთა საწარმოებიც აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, ხოლო იმ საწარმოებიდან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებული, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.

6. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულსანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.".

2. დადგენილების N1, N2 და N3 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციებით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური