საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №240

"საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "ა" ქვეპუნქტის და "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე:

მუხლი 1. "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებლად უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს;
ბ) შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა და მათი შრომის ანაზღაურება, აგრეთვე ორგანიზაციის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების რაოდენობა, საშუალო თანამდებობრივი სარგო და წლიური საპრემიო ფონდის მოცულობა იმ შემთ-ხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება "საქართველოს 2010 წლის სა-ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტს;
ვ) ამ დადგენილების პირველი მუხლის "ა"–"ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილ უნდა იქნეს 2009-2010 წლებისათვის და აღნიშნულ ინფორმაციას თან დაერთოს დასაბუთებული მიზეზები იმის თაობაზე, თუ რატომ არის აუცილებელი საბიუჯეტო ორგანიზაციის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის კონკრეტული გამონაკლისის დაშვება.

მუხლი 2. უფლება მიეცეთ საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, 2010 წლის 1 თებერვლამდე შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვრონ არა უმეტეს 2009 წელს არსებული ოდენობით და აღნიშნულ ვადამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებლად წარმოადგინონ ამ დადგენილების პირველი მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური