საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №241–1

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2009 წლის 29 დეკემბრის
N241 დადგენილებით


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი


1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) შემუშავებულია "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტე¬ბით განსაზღვრული პრინციპები და ნორმები.

მუხლი 2. პროგრამის ძირითადი მიზნები

პროგრამის ძირითადი მიზნებია:
ა) პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად (ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება და სხვ.);
ბ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა;
გ) მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესება;
დ) თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და გამგეობის რწმუნებულის უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელება.

მუხლი 3. პროგრამის დაფინანსების წყაროები

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სახსრებით.

მუხლი 4. პროგრამის მოცულობა და სტრუქტურა

1. პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 40,0 მილიონი ლარი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) არა უმეტეს 50-სულიანი სოფლისათვის _ 2000 ლარი;
ბ) 51-დან 200-სულამდე სოფლისათვის - 4 000 ლარი;
გ) 201-დან 400-სულამდე სოფლისათვის - 5 000 ლარი;
დ) 401-დან 1 000-სულამდე სოფლისათვის - 8 000 ლარი;
ე) 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის - 12 000 ლარი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული გაანგარიშების შემდეგ პროგრამით გათვალისწინებული დარჩენილი თანხა სოფლებისათვის ნაწილდება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებლები გაიანგარიშება სოფლის მოსახლეობის რაოდენობისა და 8,10027895 კოეფიციენტის ნამრავლით.

მუხლი 5. პროგრამით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა

1. თანხის გამოყენების მიზნობრიობის განსაზღვრა ხდება შესაბამის სოფლის მოსახლეობასთან მხოლოდ წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

2. წინასწარი კონსულტაციის გამართვას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი _ გამგეობის რწმუნებული (შემდგომში _ რწმუნებული), რომელიც საჭიროების შემთხვევაში ატარებს მოსახლეობის გამოკითხვას, ორგანიზებას უწევს სოფლის კრების მოწვევასა და გამართვას, აწყობს საჯარო განხილვებს და მოსახლეობასთან ათანხმებს პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობას.

3. პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობის განსაზღვრის კრიტერიუმებია:
ა) შესრულებული სამუშაო მიმართული უნდა იყოს მხოლოდ საჯარო სარგებლობის ობიექტისადმი, რომლითაც სარგებლობის საშუალება უნდა ჰქონდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას;
ბ) შესრულებულ სამუშაოს უნდა გააჩნდეს ხანგრძლივი გამოყენების ეფექტი და არ უნდა იყოს მიმართული ერთჯერადი, მოკლევადიანი მოხმარებისათვის;
გ) სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს შესაბამისი სოფლის (ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სოფლების) მოსახლეობა.

4. საერთო ინტერესების გათვალისწინებით დასაშვებია რამდენიმე სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობლემის (მაგალითად, წყალსადენის სათავო ნაგებობის ან სარწყავი სისტემის გაწმენდა-რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე სოფელს ემსახურება) გადასაწყვეტად.

5. მოსახლეობასთან შეთანხმებულ წინადადებებს რწმუ-ნებული წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობას.

მუხლი 6. პროგრამით გათვალისწინებული თანხის
ათვისების პროცედურა

1. პროგრამით გათვალისწინებული თანხის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე.

2. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მთავრობის სხდომაზე საკითხს განსახილ-ველად წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში მიეთითება თანხის რაოდენობა, მიზნობრიობა და თვითმმართველი ერთეულის დასახელება, რომლის ადგილობრივ ბიუჯეტშიც ირიცხება პროგრამით გათვალისწინებული თანხა.

4. თანხის მიზნობრივად გამოყენებისა და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად განხორციელებისათვის პასუხისმგებელია თანხის მიმღები – მუნიციპალიტეტის გამგეობა.