საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №244

"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, N94, მუხლი 1066) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,17. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებმა, მათ შორის, ,,ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიების მფლობელებმა, რომელთაც არა აქვთ განხორციელებული ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის მიღება-ჩაბარების პროცედურები, აღნიშნული სამუშაოების დასრულება უზრუნველყონ 2010 წლის 1 ივლისამდე.".

2. მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,19. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ლიცენზიის მფლობელები, რომელთაც არ წარმოუდგენიათ ტყით სარგებლობის ან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმები დასამტკიცებლად, ვალდებული არიან, წარმოადგინონ გეგმები 2010 წლის 1 ივლისამდე.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური