საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №251-1

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2009 წლის 29 დეკემბრის
N251 დადგენილებით


სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ქონების გადაცემის წესი და პირობები


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი და პირობები (შემდგომში - წესი) შემუშავებულია "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების მზღვეველისათვის გადაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:
ა) მზღვეველი - კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია, აგრეთვე, ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა);
ბ) დამზღვევი - სახელმწიფო ორგანო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ქონებას საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ქონების ღირებულების ანაზღაურების შემდეგ;
გ) დაზღვეული ქონება (შემდგომში _ ქონება) - სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება;
დ) სადაზღვევო შემთხვევა - გარემოება, რომლის შედეგად ქონება იმგვარად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია ან მისი აღდგენის ღირებულება ამ ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტულ ოდენობას აღემატება.

 

მუხლი 3. ქონების გადაცემის წესი

1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევი ქონებას, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზიანდა, გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ ქონების ღირე-ბულების ანაზღაურების შემდეგ, ამ წესის შესაბამისად და დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქონების მზღვეველისათვის გადაცემა ხდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის გაფორმებული შესაბამისი ქონების მიღებაჩაბარების აქტით.

3. დამზღვევის მხრიდან მიღებაჩაბარების აქტზე ხელს აწერს დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირი, ხოლო მზღვეველის მხრიდან - შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ქონების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს თანხის დამზღვევის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვით.

5. დამზღვევი ვალდებულია, ქონების მზღვეველისათვის გადაცემის თაობაზე, გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომლისაგანაც სარგებლობაში მიღებული აქვს ეს ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.