საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №404

ქ. თბილისის შემოვლითი გზის ცალკეული მონაკვეთების რეკონსტრუქციისა და სავალი ნაწილის მოწესრიგების პროექტის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოხვედრილი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N240 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადება და ქ. თბილისის შემოვლითი გზის ცალკეული მონაკვეთების რეკონსტრუქციისა და სავალი ნაწილის მოწესრიგების პროექტის თანახმად, გზის განთავსების ზოლში მოხვედრილი სსიპ - სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთა-დიდგორის სატყეო უბნის გლდანის სატყეოს კვარტალი N43-ის ლიტერი N23-დან და N25-დან 14675 მ2 მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ დადგენილების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური