საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №406

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქონების გადასახადის ადმინისტრირების მიზნით:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სარეგისტრაციო სამსახურმა ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირთა სიები, დანართის შესაბამისად, რომელიც სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ) მიწის ფართობი და მისამართი;
გ) მიწის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლოსამეურნეო).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს:
ა) ინფორმაცია მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ, დანართის შესაბამისად;
ბ) ინფორმაცია გასული საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებზე მისი მესაკუთრის სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით.

3. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ ინფორმაცია მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური