საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №227-1

დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2010 წლის 9 ივლისის
N227 ბრძანებით

საქართველოს მთავრობის კანცელარიის
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის (შემდგომში - მთავრობის კანცელარია) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობა განისაზღვრება ამ დებულებით.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით, საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავრობის კანცელარიის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დაკისრებულ ფუნქციათა შესრულებისას დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და
ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობისა და მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ავტომატიზება და კომპიუტერული მომსახურება;
ბ) მთავრობის კანცელარიაში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებისა და მონაცემთა ბაზების გამართული და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება და ინფორმაციის საიმედო დაცვა არასანქციონირებული შეღწევისაგან თანამედროვე პროგრამულ და ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით;
დ) მთავრობის კანცელარიის ვებგვერდის მართვა, ადმინისტრირება და საჯარო ინფორმაციის სისტემატური განთავსება;
ე) მთავრობის კანცელარიის კომპიუტერული ტექნიკის, ქსელისა და ქსელური აპარატურის, სერვერების, მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციის დაცვა-ადმინისტრირება, მომხმარებელთა უზრუნველყოფა ელექტრონული საფოსტო ყუთებითა და ინტერნეტით;
ვ) მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელების სისტემური ადმინისტრირება;
ზ) კომპიუტერული ტექნიკისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა;
თ) საქართველოს მთავრობის სხდომათა დარბაზის თანამედროვე ტექნიკური აპარატურით აღჭურვა და სხდომათა მიმდინარეობის კომპიუტერიზებული სისტემებით უზრუნველყოფა;
ი) ახალი ქსელური პროგრამული პროდუქტების დანერგვა და გამართვა;
კ) არსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის მეთოდების მოძიება.

მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც მთავრობის კანცელარიის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მთავრობის კანცელარიის უფროსის წინაშე, ხოლო მიმდინარე სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას პასუხისმგებელია მთავრობის კანცელარიის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთავრობის კანცელარიის უფროსის ერთ-ერთი მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ხელმოწერით ადასტურებს დეპარტამენტიდან გასულ დოკუმენტებსა და სხვა მასალებს;
დ) შეიმუშავებს დეპარტამენტის დებულების პროექტს, მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ვ) მთავრობის კანცელარიის უფროსს დასანიშნად წარუდგენს თანამშრომელთა კანდიდატურებს;
ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრების გამოყოფის თაობაზე;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ამ დებულებისა და მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხის შესაბამისად დეპარტამენტის სტრუქტურაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი;
გ) წამყვანი სპეციალისტი.
დეპარტამენტის შემადგენლობაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნენ აგრეთვე შტატგარეშე მოსამსახურეები.

მუხლი 4. დასკვნითი დებულება

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.