საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №229-1

დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2010 წლის 9 ივლისის
N229 ბრძანებით

საქართველოს მთავრობის კანცელარიის
მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში
მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური)
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (სამსახური) (შემდგომში - ჯგუფი) არის საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეული.
2. ჯგუფი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. ჯგუფის უფლებამოსილება და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.


მუხლი 2. ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) საქართველოს მთავრობის სხდომების წინამოსამზადებელ თათბირებში მონაწილეობა;
ბ) საქართველოს მთავრობის სხდომებზე განსახილველი საკითხების ანალიზი;
გ) მმართველობისა და ეკონომიკური საკითხების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებების შესრულება;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან შექმნილი მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებზე სათათბირო ორგანოების -კომისიების, საბჭოების, მათ შორის, დარგობრივი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა, სხდომების გამართვა, განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის მომზადება, საქმიანობის კოორდინაცია;
ე) მმართველობისა და ეკონომიკური საკითხების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრებსა და ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობა, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებზე პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლითი სიტყვის მომზადება.


მუხლი 3. ჯგუფის ფუნქციები

ჯგუფი:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესრულების მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებებთან;
ბ) საქართველოს მთავრობის სხდომებსა და სხვა სამთავრობო ღონისძიებებზე განსახილველი საკითხების ანალიზის, პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო და ანალიტიკური მასალებით უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, გამოითხოვს აუცილებელ საინფორმაციო და სტატისტიკურ მასალებს, აგრეთვე მათ სამომავლო გეგმებს;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს აწვდის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო და იურიდიულ დეპარტამენტებთან ერთად, წინამოსამზადებელი თათბირის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ადგენს საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს;
დ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ შეხვედრებსა და ოფიციალურ ვიზიტებში, აწარმოებს საოქმო ჩანაწერებს;
ე) ასრულებს სხვა ფუნქციებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის დავალების შესაბამისად.


მუხლი 4. ჯგუფის უფროსი

1. ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. ჯგუფის უფროსი იმავდროულად არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი.
3. ჯგუფის უფროსი:
ა) ახორციელებს ჯგუფის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს ჯგუფზე დაკისრებულ ფუნქციათა და მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებისათვის;
გ) იღებს ზომებს ჯგუფის მუშაობის დონისა და ეფექტიანობის ასამაღლებლად;
დ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
ე) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა დაწინაურების, წახალისების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ვ) უძღვება საქართველოს მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელ თათბირს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მიმოწერას სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან;
თ) ჯგუფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი.


მუხლი 5. ჯგუფის სტრუქტურა

ამ დებულებისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხის შესაბამისად, ჯგუფის სტრუქტურაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) ჯგუფის უფროსი (საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი);
ბ) მრჩეველი;
გ) ექსპერტი-კოორდინატორი (სამმართველოს უფროსი);
დ) ექსპერტი (მთავარი სპეციალისტი);
ე) წამყვანი სპეციალისტი;
ვ) სპეციალისტი.


მუხლი 6. დასკვნითი დებულება

ჯგუფის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შე¬ტანა ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.