საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ბრიფინგი გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ''მოგესალმებით

დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელმაც უნდა კიდევ უფრო ლიბერალური გახადოს ბიზნეს-გარემო საქართველოში და კერძო კომპანიებს გაუადვილოს ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან.

ალბათ უკვე ზოგიერთმა თქვენთაგანმა იცის, რომ პარლამენტში წარდგენილია მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ", რომლის მიხედვით ერთმანეთს შეერწყმება ორი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და ამავდროულად უფრო ეფექტური გახდება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლი.

მოგეხსენებათ, რომ დღემდე სახელმწიფო მშენებლობებზე კონტროლს ახორციელებს „არქმშენინსპექციის" მეშვეობით, რომელიც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხოლო მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე - „ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური". ამ კანონოპროექტის მიღების შემდეგ შეიქმნება ერთიანი ორგანო, რომელსაც დაერქმევა „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობა".

მთავარი ცვლილებები ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ შეეხება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლის სფეროს და პრაქტიკულად ხელუხლებლად დატოვებს საცხოვრებელი ბინების სამშენებლო ზედამხედველობას.

აქამდე თუ რას წარმოადგენდა მომეტებული საფრთხის ობიექტები კანონით მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული, პროცედურები იყო რთული და გაუგებარი. ახალი კანონპროექტით ზუსტდება ასეთი ობიექტები და კონცენტრაცია ხდება მართლა საფრთხის შემცველ ობიექტებზე. ასევე ზუსტდება პროცედურები და უფლებამოსილებანი, რაც ერთის მხრივ უფრო ეფექტურს გახდის ზედამზედველობას და მეორეს მხრივ, გაამარტივებს მეწარმეების ურთიერთობას ზედამხედველობასთან.

ამ კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია კერძო აკრედიტებული საინსპექციო ორგანოების მიერ მომეტებული ტექნიკური საფრთხის მატარებელი ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების კონტროლი. ამ ორგანოებს უნდა გააჩნდეთ პასუხისმგებლობის დაზღვევა, მაგრამ ასეთი დაზღვევა არ მოეთხოვებათ იმ ორგანოებს, რომლებიც უკვე მოღვაწეობენ ეკონომიკური თანამშრომლობისას და განვითარებისა ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში.

თუკი აქამდე „ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის" თანამშრომლები 50.000-მდე ობიექტის ზედამხედველობაზე იყვნენ პასუხმგებელნი და კორუფციის რამოდენემე ფაქტიც იქნა ბოლო დროს გამოვლენილი. ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ ასეთი ნაგებებისა და ობიექტების კონტროლს კერძო ორგანოები განახორციელებენ, რომელთა აკრედიტირებას სახელმწიფო განახორციელებს. ობექტების რაოდენობა კი რადიკალურად შეიცვლება, რომელთა ზედამხედველობა აკრედიტებული ორგანიების მიერ განხორციელდება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები და ორი სახელმწიფო ორგანოს შერწყმა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ეკონომიკური გარემოს ლიბერალიზაციისაკენ და ამავე დროს ქვეყანაში არსებული მომეტებული საფრთხის მქონე ობიექტების უფრო ეფექტური კონტროლისაკენ.

აქვე მინდა ვუპასუხო თქვენი კოლეგის ანა თუთბერიძის შეკითხვას რუსეთის მიერ 1 მარტს დაგეგმილი „ზემო ლარსის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით.

თავის დროზე, როგორც თქვენ იცით, რუსეთის ინიცატივით ჩაიკეტა ეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და არა საქართველოს ინიცატივით, თავის დროზე სწორედ რუსეთმა გამოუცხადა საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა, მაშინ როცა რუსული საქონელი თავისუფლად იყიდება ქართულ ბაზარზე, თავის დროზე რუსეთმა შეაჩერა ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე, მაშინ როცა რუსეთის მოქალაქეებს არასოდეს არ შექმნიათ პრობლემები საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ვერ ხედავს რაიმე საშიშროებას ამ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაში და მას მიაჩნია, რომ რეგიონის მოსახლეობის ეკონომკურ მდგომარეობას ამ პუნქტის გახსნა დადებითად წაადგება, თუმცა საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ეკონომიკურ სარგებელს ამ პუნქტის გახსნის შედეგად არ ელის. როგორც ჩანს რუსეთმა შეცვალა თავისი ეს გადაწყვეტილება და ჩვენ მივესლამებით, თუ ის შეცვლის თავის სხვა გადაწყვეტილებებსაც.

გარდა ამ საკითხებისა „ბლუმბერგის" სააგენტოს კორესპონდენტმა და სხვა სააგენტოს რეპორტიორებმა მთხოვეს მომეწოდებინა ინფორმაცია პრემიერ- მინისტრის ვიზიტის შესახებ დუბაიში და ქუვეიტში, რომელიც დღეს იწყება.

ვიზიტი დღეს საღამოთი იწყება, რომლის ფარგლებშიც ნიკა გილაური შეხვდება დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველს და სხვა პირებს მმართველი გუნდიდან. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი შეხვდება სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესა და მმართველი საბჭოს წევრებს.

16 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ქუვეიტში გამეგზავრება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები ქუვეიტის ემირთან, პარლამენტის სპიკერთან, სავაჭრო პალატის ხელმძღვანელთან, ასევე შეხვედრები ქუვეიტის განვითარების ფონდში და ქუვეიტის საფინანსო სახლში.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ეწვევა ქალაქ ახმადს და შეხვდება ამ ქალაქის მმართველს. მინდა გითხრათ, რომ ქუვეითის ამ რეგიონში ხდება ნავთობის მოპოვება. პრემიერ-მინისტრი შეხვდება ასევე ქუვეიტელ ბიზნესმენ ალ-შაიას (Al-Shaia) - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური