საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ბრიფინგი ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი 2010 წლის 19 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტის და ქუვეითში ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა:

„მოგეხსენებათ, რომ ნიკა გილაური 12-16 თებერვალს სამუშაო ვიზიტით დუბაის სტუმრობდა, ხოლო 16-17 თებერვალს მას ოფიციალური ვიზიტი ქუვეითში ჰქონდა.

მინდა უფრო დაწვრილებით მოგახსენოთ ქუვეითში ვიზიტის შესახებ. პრემიერ-მინისტრს თან ახლდნენ ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური და საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე.

ვიზიტის ფარგლებში მას (პრემიერ-მინისტრს) ქონდა შეხვედრები (ქუვეითის) ემირთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და ქუვეითის მთავრობის მინისტრებთან.

გარდა ამისა, მას (პრემიერ-მინისტრს) მსხვილ ქუვეითელ ბიზნესმენებთან ჰქონდა შეხვედრები. ისინი გამოთქვამენ სურვილს გარკვეული ინვესტიციები განახორციელონ საქართველოს ეკონომიკაში. კერძოდ, საუბარი შეეხო საცალო ვაჭრობის განვითრებაში და ენერგეტიკაში შესაძლო ინვესტიციებს. საუბარია დიდი სავაჭრო მოლის შექმნაზე, რომელიც რეგიონალური მნიშვნელობის იქნება.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს ქუვეითში ექსპორტის გაზრდასთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი. შესაძლოა ქუვეითში მოხდეს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და ქართული მინერალური და სასმელი წყლის ექსპორტი.

აგრეთვე, ვიზიტის შედეგად მოხდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქუვეითელი ბიზნესმენებისა და მთავრობის წარმომადგენლების ორი ჯგუფი საქართველოში მარტში ან აპრილში ჩამოვა. ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი. ისინი ჩამოვლენ და ადგილზე სიტუაციას საქართველოში შეისწავლიან."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური