საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ბრიფინგი ამოსაბეჭდი ვერსია

2010 წლის 13 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ბრიფინგი გამართა.

„მსოფლიოს უდიდესმა და ცნობილმა სარეიტინგო სააგენტო „Standard & Poor`s-მა" გუშინ საღამოს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს აეწია გრძელვადიანი სუვერენული რეიტინგი B+მდე. ჩვენი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. აგრეთვე, ამ სააგენტოს შეხედულებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა არის სტაბილური.

სააგენტოს აზრით, B რეიტინგის მქონე ქვეყნებში საქართველო გამოიყურება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა და ამის დამადასტურებლად მინდა წაგიკითხოთ სააგენტოების მიერ გავრცელებული განცხადებიდან რამოდენიმე ციტატა: „რეიტინგის ამაღლება ასახავს ჩვენს შეხედულებას საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურის და მისი ზრდის პერსპექტივის უპირატესობაზე B რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჩვენი აზრით, მთავრობის ძალისხმევამ საბაზრო რეფორმების გატარების საქმეში, სავარაუდოდ, უნდა გააუმჯობესოს ეკონომიკური და ფისკალური ინდიკატორები საშუალოვადიან პერსპექტივაში."

კიდევ ერთი ციტატა: „დაწყებული 2006 წლიდან 2008 წლის რუსეთთან მოკლე, მაგრამ ინტენსიურ ომამდე, საქართველომ შეძლო მოეზიდა მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში არსებული დაბალი გადასახადები და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემო ხელს შეუწყობს ქვეყანას კვლავ მოიზიდოს ინვესტიციები და კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო კორიდორი აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ მოველით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ მოსახლეზე საქართველოში იქნება უფრო სწრაფი, ვიდრე ანალოგიური რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აგრეთვე, ამ ფაქტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადება მინდა გაგაცნოთ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც გაზრდის მეწარმეებისა და ინვესტორების ნდომას ქვეყნის მომავლისადმი. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის კურსისა და საბაზრო რეფორმებისადმი ერთგულება, ასევე ძალისხმევა, რომ გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო, თავის შედეგებს აღწევს. "

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური