საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 15 ივლისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 15 ივლისის მთავრობის სხდომა 2010 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 47 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

„სავალუტო ფონდის ბორდმა, რომელიც გასულ კვირას შეიკრიბა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ იმსჯელა და ის ეკონომიკური პოლიტიკა მოიწონა, რომელიც მთავრობას ჩამოყალიბებული აქვს. (ბორდმა) პროგრამა დაამტკიცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო შემოდინებები ქვეყანაში იზრდება და მატულობს. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულად საერთაშორის საფინანსო ორგანიზაციებიდან წამოსულ თანხებს გამოვყოფდი. ვგულისხმობ მსოფლიო ბანკის, EBRD-ის, EIB-ის , KFW-ს, აზიის განვითარების ბანკის პროექტები. როგორც გახსოვთ, 2008 წელში ჩატარებული ბრიუსელის კონფერენციის შემდეგ, შეთანხმება 25 მლრდ დოლარზე იყო. 4,5 მლრდ დოლარიდან, 3,5 მლრდ დოლარზე ხელი უკვე მოწერილი გვაქვს და პროექტები ხორციელდება. ეს, ძირითადად, საგზაო, ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და წყლის პროექტებია.

დარჩენილ 1 მლრდ-ზე ხელს წლის ბოლომდე მოვაწერთ და ქვეყანაში 4,5 მლრდ დოლარის პროექტებს მთლიანად 2010-2011-2012 წწ. განვახორციელებთ .

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა აღვნიშნო, რადგანაც ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ორგანიზაციებთნ ვაწარმოებთ, მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსება გაიზარდა. შესაბამისად, 4,5 მლრდ დოლარის ნაცვლად, უფრო მეტს - ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 5 მლრდ დოლარამდე მივიღებთ. ქვეყნის ეკონომიკური განვიათრებისთვის და შემდეგი წინსვლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, მეორე ფაქტს მინდა ხაზი გავუსვა - დღეიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოში უფრო მეტი ევროპელი ინვესტორი მოვიზიდოთ.

ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა დარგებში უფრო ჰარმონიზირებული მიდგომა, საქართველოს და ევროკავშირს შორის უფრო ჰარმონიზირებული რეგულაცია გვექნება. იგულისხმება საბანკო სექტორი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა მიმართულებები. საქართველოში ევროპული ფულის შემოსვლა, ევროპული ინვესტიციების შემოსვლა უფრო გამარტივდება. ეს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის ზრდის დამატებითი წყარო იქნება."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური