საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 3 აგვისტოს მთავრობის სხდომა

2010 წლის 3 აგვისტოს მთავრობის სხდომა 2010 წლის 3 აგვისტოს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 38 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი. 

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

„ჩვენ დავასრულეთ 6 თვის ეკონომიკური აქტივობის ანალიზი, სადაც ძალიან საინტერესო ციფრებია და სწორად ეს ციფრები მინდა გავაცნო საზოგადოებას. საგრძნობლადაა გაზრდილი კომერციული ბანკების სასესხო პორტფელები და შეადგენს დაახლოებით 5,9 მლრდ ლარს, ასევე გაიზარდა დეპოზიტები 3,4 დან 3,9 მლრდ ლარამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებლები სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად ელექტროენერგიის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი. გასული წლის 6 თვესთან მიმართებაში ჯამური ზრდა 40 პროცენტს შეადგენს. თუ შარშან ექსპორტი 516 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2010 წელს იგივე 6 თვეში 719 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თითქმის გაორმაგებულია ელექტროენერგიის ექსპორტი, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში 25 პროცენტიანი ზრდა არის დაფიქსირებული. რაც შეეხება მთლიანად შიდა პროდუქტს, აქ ერთერთი მთავარი მაჩვენებელი მაინც დღგ-ს ბრუნვებია, რომელიც ასევე საგრძნობლად არის გაზრდილი, ვინაიდან სწორად აღნიშნულ ბრუნვებს აქვს ყველაზე ახლო კორელაცია მთლიანი შიდა პროდუქტის ციფრებთან. პირველ კვარტალში დღგ-ს ბრუნვა 19 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში 33 პროცენტით. მთლიანობაში 6 თვის მონაცემებით ზრდა 26 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, როგორც მოგეხსენაბათ, პირველ კვარტალში ზრდა იყო 4,5 პროცენტი, ხოლო მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემებით 7-7,5 პროცენტი შეადგინა, შესაბამისად ჯამური 6 თვის ზრდა დაახლოებით 5,5 - 6 პროცენტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ რეგიონისთვის ეს არ გახლავთ მცირე ზრდის ტემპი. საბოლოო ციფრები სექტემბერში იქნება და სტატისტიკის დეპარტამენტი სწორად ამ დროს მიაწვდის საზოგადოებას ამ ინფორმაციას. "


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური