საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 3 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 3 ნოემბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 56 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჩინეთსა და ინდოეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.
გთავაზობთ ნიკა გილაურის სიტყვას:

„მთავრობის სხდომის საკითხებამდე, საზოგადოების და მთავრობის წევრებს რამოდენიმე ინფორმაცია მინდა მივაწოდო. პირველ რიგში, ჩინეთში და ინდოეთში სამთავრობო ვიზიტი მინდა შევაჯამო. მეორე ინფორმაცია, რომელიც საზოგადეობას მინდა მივაწოდო, ეხება სტატისტიკის დეპარტამენტის უკანასკნელ მონაცემებს ეკონომიკური ზრდის შესახებ 9 თვის განმავლობაში.
რაც შეეხება ჩინეთში და ინდოეთში ვიზიტს, მინდა გითხრათ რომ ამ ორ ვიზიტს სხვადასხვა მიზნები ქონდა. ჩინეთში პოლიტიკური შეხვედრებიც გავმართეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთში აბსოლუტურად ყველა დონეზე საქართველოს და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისდიდი მხარდაჭერა გამოთქვეს.

შეხვედრა გვქონდა როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე რამოდენიმე მინისტრთან. ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების დიდი მხარდაჭერა ყველა შეხვედრაზე გმოითქვა.

2008-2009 წლებში ძირითადი ვიზიტები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან გვქონდა: მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთნ, EBRD-თან. ამ პერიოდის განმავლობაში, გლობალურ საინვესტიციო კრიზისის პირობებში აქ იყო დარჩენილი თანხა, რომელიც შეიძლებოდა საქართველოში მოგვეზიდა. ვთვლი, რომ საკმაოდ კარგად გავართვით თავი და ქვეყანაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან საკმაოდ დიდი თანხები შემოვიდა. საგზაო ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, წყლის ინფრასტრუქტურაში აქედან მოდის დღეს ინვესტიციები საქართველში.

ერთი პერიოდი ინტენსიური ვიზიტები არაბულ ქვეყნებში გვქონდა, რადგანაც აქ იყო დარჩენილი ნავთობის ფული, რომელიც შეიძლებოდა საქართველოში შემოსულიყო. აქაც საკმაოდ წარმატებული შედეგები გვაქვს. იზრდება ვაჭრობა საქართველოს და არაბულ ქვეყნებს შორის, იზრდება ექსპორტი საქართველოდან არაბულ ქვეყნებში და ასევე, იზრდება ინვესტიციები არაბული ქვეყნებიდან.

როდესაც 2009-2010 წლები გავაანალიზეთ აღმოჩნდა, რომ ყველაზე მზარდი და სტაბილური ეკონომიკა არის ჩინეთში და ინდოეთში, სადაც დიდი საინვესტიციო კაპიტალია. ჩავთვალეთ აუცილებლად ვიზიტის განხორციელება ამ ორ ქვეყანაში და საქართველოში წამოსაღებად დამატებითი საინვესტიციო თანხების მოძიება.

ჩინათში და ინდოეთში ძალიან ბევრ კომპანიას შევხვდით. ინდოეთში ვიზიტის ერთადერთი მიზანი იყო Financial Times-ის მიერ ორგანიზებული ბიზნეს კონფერენციის ჩატარება. გვაქვს რამოდენიმე კონკრეტული პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ ჩინელ და ინდოელ ინვესტორებთან. 10-ზე მეტი პროექტია, მათ შორის არსებული პორტის გაზრდა ან ახლის მშენებლობა, ახალი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, ახალი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა და ა.შ. რამოდენიმე პროექტია, რომელზეც დავიწყეთ საუბარი, მოლაპარაკებები. ყველა პროექტი არ განხორციელდება და ვერ განხორციელდება. ახლა აუცილებელია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ და ჩვენმა საელჩოებმა ამ ინვესტორებთან ინტენსიურად იმუშაონ იმისათვის, რომ პროექტები შედგეს და ფული შემოვიდეს საქართველოში. ამ თანხებით ქვეყანაში შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი და შემცირდეს უმუშევრობა. ეს არის ჩვენი მიზანი. ამას ემსახურება ვიზიტები ჩინეთსა და ინდოეთში.

ვვარაუდობთ, რომ ამ ვიზიტის შედეგად უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში 0.5 მლრდ დოლარზე მეტის წამოღება თავისუფლად არის შესაძლებელი.

ინდური და ჩინური კომპანიების დაინტერესება არის ორგვარი - საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდია ვაჭრობა ჩინეთის, ინდოეთის და მეორე მხარეს ევროკავშირის ქვეყნებს და თურქეთს შორის. შესაბამისად, საქართველოს მაქსიმალურად შეუძლია აითვისოს პორტების პოტენციალი, რკინიგზის პოტენციალი, აეროპორტების და სხვა ლოგისტიკური ცენტრების პოტენციალი. მეორე დაინტერესება არის საქართველო, როგორც პლატფორმა. საქართველოში უნდა მოხდეს ახალი საწარმოების გახსნა, აქ სამუშაო ადგილების შექმნა და აქედან ექსპორტი იმ პროდუქციის, რომელსაც ჩინეთი და ინდოეთი ამზადებს, თურქეთში, უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ევროკავშირში.

ეს არის დაინტერესება ინდური და ჩინური კომპანიებიდან. დაინტერესება დიდია და იმედი გვაქვს, რომ რეალურად უახლოეს მომავალში დავინახავთ ჩინური და ინდური კომპანიების მიერ განხორციელებულ საკმაოდ დიდ საინვესტიციო პროექტებს.

მეორე ინფორმაცია, რომელიც საზოგადეობას და მთავრობის წევრებს მინდა მივაწოდო, არის სტატისტიკის დეპარტამენტის უახლესი ინფორმაცია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესახებ.
ეს არის პროგნოზი და არ არის საბოლოო ციფრი. პროგნოზის მიხედვით 9 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ზუსტად 6%-ით. ეს არ არის ცუდი ციფრი, ეკონომიკური აქტივობის ძალიან კარგი დამახასიათებელი ნიშანია.

მინდა შეგახსენოთ, რომ გასული წელი ჩვენ დავამთავრეთ მინუს 3,9%-ით, წლევანდელი წელი საკმაოდ სწრაფად და საკმაოდ კარგად გავიარეთ, ჯერჯერობით, პირველი სამი კვარტალი. ვიმედოვნებ, რომ წლის საბოლოო მონაცემები ქვეყანას ექნება ეკონომიკის ზრდა მინიმუმ 5,5%-ი, მაქსიმუმ 6%-ი. "

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური