საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 14 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 14 დეკემბრის მთავრობის სხდომა2010 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 43 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მთავრობის საკითხების განხილვამდე, გასულ კვირას Transparency International-ის მიერ ჩატარებულ კვლევას მინდა გამოვეხმაურო. ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში კორუფციის დონეს იკვლევს. ბოლო წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციის მიერ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კვლევაა ჩატარებული. წელს კვლევა84 ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, აზიის ქვეყნებში. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო.

სხვადასხვა ქვეყანაში რამოდენიმე ათასობით მოქალაქე გამოკითხეს. მთავარი კითხვა ამ კვლევაში იყო, ბოლო 12 თვის განმავლობაში გადახდილი გაქვთ თუ არა ქრთამი. კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3%-მა. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი არის 5%-ი. ჩვენზე კარგი მაჩვენებელი აქვს 6-7 ქვეყანას, ეს ქვეყნები არიან ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთი კორეა, ჰოლანდია. მათ აქვთ ჩვენზე უკეთესი მაჩვენებლები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ ქვეყნების მსოფლიო ათეულში, სადაც კორუფცია ყევლაზე დაბალ დონეზეა.

ვთვლი, რომ ასეთ ათეულში ყოფნა ერთერთი ყველაზე დიდი წარმატებაა ამ სახელმწიფოსი, ამ ქვეყნის. ეს არის ერთერთი სწინდარი იმისა, რომ გავაგრძელებთ ეკონომიკურ ზრდას, გავაგრძელებთ ინვესტიციების მოზიდვას. საქართველო უფრო და უფრო ყალიბდება ისეთ ქვეყნად, სადაც ინვესტიციების მოსაზიდად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გარემო არის შექმნილი. ეს არის ჩვენი ერთერთი მთავარი მიზანი. ჩვენი კორუფციის ბრძოლის მიზანი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ ინვესტორმა დაინახოს რამდენად კარგი გარემოა შექმნილი საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამ მიზანს ემსახურება ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში.
ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დაწყებულია, არის ფინანსთა სამინისტროს ახალი კურსი, რომლის ნაწილის პრეზენტაციას შემოსავლების სამსახური, გოგა ცხაკაია დღეს გააკეთებს.

მინდა ვთხოვო, რომ იგივე პრეზენტაცია წარუდგინოს მან საზოგადოებას. რა არის ახალი კურსი კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. მინდა გავუმეორო მთავრობის წევრებს, მინდა გავუმეორო საზოგადოებას. ეს არის ფინანსთა სამინისტროში და შემოსავლების სამსახურში ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული რეფორმებით გამოწვეული ახალი მიდგომა. ინფრასტრუქტურა სრულად მოვაწესრიგეთ, წესრიგდება გამშვები პუნქტები, ჩამოვაყალიბეთ გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონები, ოფისები ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის, დავნერგეთ ელექტრონული გადახდები, დავნერგეთ ინტერნეტ მომსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროსთვის. გამოიცვალა კადრები და 1 იანვრიდან ძალაში შედის ახალი საგადასახადო კოდექსი. ეს ყველაფერი საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, კიდევ უფრო გავამარტივოთ ურთიერთობები შემოსავლების სამსახურსა და კერძო სექტორს შორის, რაც პრობლემური იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში.

შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი მთავრობის სხდომის ერთერთი მთავარი ნაწილი, ამაზე გვექნება დღეს ჩვენ განხილვები და შემდგომ მინდა, რომ ფინანსთა მინისტრმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა საზოგადოების გაუკეთოს გარკვეული პრეზენტაცია."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური