საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში, განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-06

სკოლამდელი და ზოგადი განათლების საკითხები, ინკლუზიური განათლება ყველასთვის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, შრომის ბაზრის ანალიზი, დასაქმების პოლიტიკა, პროფესიული განათლების განვითარება, არაფორმალური განათლება და დიასპორის ინტეგრაცია განათლების საკითხებში, - ეს საკითხები განიხილეს ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გახსნა. ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმების პროცესში დონორთა მხარდაჭერის როლზე ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.

მინისტრის შეფასებით, დონორებთან კოორდინაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან დონორები, როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკურად - კვალიფიციური მრჩეველებით, სახელმწიფო უწყებებს მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.

„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი დასაყრდენია განათლების რეფორმა, მათ შორის პროფესიული განათლების ახალი სისტემა, ინკლუზიური განათლება და ბევრი სხვა მიმართულება, რომელშიც დონორები გვეხმარებიან და რომლებიც განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი გადაწყვეტილებები დავაყრდნოთ მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკას", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად აწყობს.

საერთაშორისო პარტნიორები მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის საქმიანობას დადებითად აფასებენ.

„ჩვენი პარტნიორებისგან დადებითი შეფასება გვაქვს ასეთი ფორმატის შეხვედრებზე და ვიმედოვნებ, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ უფრო კონკრეტულად განისაზღვრება, სად არის სახელმწიფოს და ჩვენი დონორი ორგანიზაციების როლი, ადამიანური კაპიტალის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ.

შეხვედრები ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დახმარებით, ეკონომიკური ზრდის, ადამიანური კაპიტალის განვითარების, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საჯარო სექტორის რეფორმის, სოციალური კეთილდღეობის და ეროვნული რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებზე, ყოველწლიურად 6 თემატური საკოორდინაციო შეხვედრა ტარდება.

ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრას გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატერინა დერკორნი, სხვა დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.