საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UNWOMEN).

სოფო ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა შეხვედრის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მოცემული ფორმატი ზუსტად პასუხობს „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და თანმდევი რეზოლუციების განსახორციელებელი 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზანს.

სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის იმ ნაწილზე, რომელიც უსაფრთხოების სექტორში ქალთა გაზრდილ მონაწილეობას შეეხება და ამ მიზნით, ერთ-ერთ ამოცანად გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ხელსაყრელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. მან აღნიშნა, რომ ამოცანის შესრულების ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქალთა პროცენტული მაჩვენებელია, რომელიც საკმაოდ მაღალია და მომდევნო წლებისთვის მინიმუმ უნდა შენარჩუნდეს.

„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და თანმდევი რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე.
ეროვნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში აღებული ვალდებულებების შედეგად შემუშავებულ ქცევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.