საქართველოს მთავრობა – სიახლეები

კონკრეტული ზომები გენდერული თანასწორობის მისაღწევად ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-02

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში გამართულ საქმიან სადილზე სიტყვით გამოვიდა. მოხსენების თემა იყო: "ვალდებულებიდან მოქმედებამდე: კონკრეტული ზომები გენდერული თანასწორობის მისაღწევად".
სოფო ჯაფარიძემ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამ კონკრეტულ ზომაზე ისაუბრა.

იგი პირველ რიგში შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და თანმდევ სამთავრობო სამოქმედო გეგმას. მისი განმარტებით, მოცემული დოკუმენტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა გაძლიერება, ისევე როგორ ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. სოფო ჯაფარიძის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს, ზემოაღნიშნული მიმართულების ეფექტიანი იმპლემენტაციის ერთ-ერთი გარანტიაა.

სოფო ჯაფარიძემ ასევე გაამახვილა ყურადღება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ სხვადასხვა მექანიზმებზე. მან აღნიშნა, რომ შემუშავების პროცესშია გენდერული თანასწორობის, ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის დებულება. აღნიშნული დებულების დამტკიცების შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე იარსებებს ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რითაც შესრულდება გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) მიერ საქართველოსთვის 2014 წელს მიცემული რეკომენდაცია.
გამოსვლის ბოლოს სოფო ჯაფარიძე შეეხო მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესს და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, გასწია მნიშვნელოვანი სამუშაოები იმისათვის, რომ შეემუშავებინა 17 მიზნის გენდერულად სენსიტიური ინდიკატორები.

მისივე თქმით, ნაციონალიზებული მდგრადი განვითარების მიზნებით ნაკისრი ვალდებულების ასახვა მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში, რომელთა ეფექტიან განხორციელებას სულ მალე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის და ქალთა და გოგონათა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.