საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საერთაშორისო სემინარი სახელმწიფო დახმარების საკითხებზე ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-11

ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროექტის (TAIEX) ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტების მონაწილეობითა და სსიპ კონკურენციის სააგენტოს თანაორგანიზებით, მ/წ. 7-8 ივლისს, ქ. თბილისში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი თემაზე - „სახელმწიფო დახმარება DCFTA-ის კონტექსტში."

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გარდა, სემინარში მონაწილეობა მიიღეს უკრაინისა და მოლდოვის კონკურენციის ორგანოების უფლებამოსილმა პირებმა. ღონისძიებას დაესწრნენ ხსენებულ თემატიკასთან შემხები შესაბამისი უწყებების, კერძოდ - საქართველოს სამინისტროების, სხვა ოფიციალური სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის მსვლელობისას, სახელმწიფო დახმარებების კუთხით თავიანთ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებები გააკეთეს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის კონკურენციის უწყებების წარმომადგენლებმა. ასევე, ევროკომისიის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სახელმწიფო დახმარების ცნება და შეფასების კრიტერიუმები; სახელმწიფო დახმარების კონტროლის პროცედურები; სახელმწიფო დახმარების ორგანო და სახელმწიფო დახმარების გამცემი - ურთიერთობა/უფლებამოსილებათა გადანაწილება, ჰორიზონტალური დახმარება და სექტორული დახმარების ინსტრუმენტები.

სემინარზე მოხდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და სახელმწიფო დახმარებების ნაწილში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა, რაც მიზნად ისახავს საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის კიდევ უფრო დაახლოებასა და ჰარმონიზაციას ევროპის კონკურენციის კანონმდებლობასთან. აღსანიშნავია, განსახილველი საკითხებისადმი დამსწრე საზოგადოების ღრმა დაინტერესება და აქტიური ჩართულობა.
ღონისძიების დასასრულს, გაიმართა მრგვალი მაგიდა ყველა სპიკერთან, რომლის ფარგლებშიც, ევროკავშირის რეგულაციებისა და აღსრულების მექანიზმების ანალიზის შედეგად, წარმოდგენილ იქნა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და განხილულ იქნა სამომავლო ნაბიჯები.