საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ერთობლივი პროექტი ლატვიის სახელმწიფო კანცელარიასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-14

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა შეხვედრა ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის უფროსის, მარტინ კრიევენსის, ლატვიის სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლებისა და ლატვიელი ექსპერტებს მონაწილეობით.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ხორციელდება პროექტი „ადამიანური კაპიტალის შესაძლებლობების განვითარება საჯარო ადმინისტრირების და ეფექტური მმართველობისთვის საქართველოსა და უკრაინაში". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის ექსპერტები გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, კომპეტენციების სისტემის განვითარებაზე, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურების, პროფესიული განვითარების, სწავლების და საქმიანობის შეფასების შესახებ. პროექტის ფარგლებში გამახვილდება ყურადღება საჯარო სექტორში პოლიტიკის შემუშავების, კოორდინაციის და იმპლემენტაციის საკითხებზე.

ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის ექსპერტების ჩართულობით, გაიმართება დამატებითი კონსულტაციები საჯარო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები.