საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოფო ჯაფარიძე მოხსენებით წარსდგა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-08

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე მოხსენება გააკეთა. მოხსენება ეხებოდა"ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა  2016 - 2017 წლების სამოქმედო გეგმის"   შესრულებას  და  აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებას.

სოფო ჯაფარიძემ დეტალურად ისაუბრა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე უწყებების წარმომადგენელთა შესაძლებლობების და კომპეტენციის გაზრდაზე, აღნიშნული საკითხების  ინტეგრირებაზე, როგორც პროფესიული განვითარების პროგრამებში, ასევე ინსტიტუციურ სამოქმედო გეგმებში.

გარდა თანამშრომელთა პროფესიული გადამზადებისა, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე შეეხო ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა უწყებების მიერ გამართულ თემატური საინფორმაციო შეხვედრებს. მან ყურადღება გაამახილა სტატისტიკურ მონაცემებზე, ძალადობრივი  ქცევისა და დამოკიდებულების შეცვლაზე ორიენტირებული პროგრამებზე,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების სათანადო კვალიფიკაციის, ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის  წარმოების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე.

სიტყვით გამოსვლისას სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებზე, კრიზისულ ცენტრზე და იმ სერვისებზე, რომლითაც  ძალადობის მსხვერპლთა უზრუნველყოფა ხდება.

მოხსენების დასასრულს სოფო ჯაფარიძემ მიმოიხილა ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ"  სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების მიზნით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების სამომავლო გეგმებზე.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრა ყოველწლიურად, "გენდერული თანასწორობისთვის" გაეროს ერთობლივი პროგრამის ინიციატივით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში იმართება. გლობალური კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება.