საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მდგრადი და ინკლუზიური ზრდის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-01-16

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების საჭიროებები; ბიზნესის ხელშეწყობის გარემო; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2018 - 2021 და მეწარმეობის განვითარება იყო ძირითადი განსახილველი თემები საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც მდგრადი და ინკლუზიური ზრდის საკითხებს მიეძღვნა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი უძღვებოდნენ, ასევე იმსჯელეს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობაზე; ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციების, მშენებლობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე; რეგიონული განვითარებასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე; ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე; სივრცითი მოწყობის მიმართულებაზე, ასევე - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიაზე.

საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს ყოველწლიურად მართავს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყოველ წელს ტარდება 6 თემატური საკოორდინაციო შეხვედრა, თემებზე - მდგრადი და ინკლუზიური ზრდა; ადამიანური კაპიტალის განვითარება; კანონის უზენაესობა; კარგი მმართველობა და საჯარო სექტორის რეფორმა; სოციალური კეთილდღეობა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება.