საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მესამე სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-24

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

კომისიამ იმსჯელა და დაამტკიცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. წარმოდგენილ დოკუმენტებში გაერთიანებულია საქართველოს მთავრობის მთავარი გზავნილები და კონკრეტული საკომინიკაციო ღონისძიებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვის მიზნით.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა და საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა სალომე შენგელიამ კომისიის წევრებს წარუდგინეს ინფორმაცია უწყებებში მიმდინარე, თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, საუბარი შეეხო, საკანონმდებლო ინიციატივებს, თანამშრომელთა სპეციალიზაციის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებს, ასევე GPS სამაჯურების ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს 2017 წელს განხორციელებული კვლევების მიგნებები და შესაბამისი რეკომენდაციები (ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების/კვეთის საზიანო პრაქტიკები საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017 ) გააცნეს.

უწყებათაშორისმა კომისიამ, აგრეთვე იმსჯელა კომისიის მუშაობაში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის საკითხზე.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია 2017 წელს შეიქმნა. კომისიის მანდატს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული პილიტიკის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია წარმოადგენს.