საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №406

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტად 2012 წლის 1 იანვრიდან.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიეროკვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №274 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი 2012 წლის 1 იანვრიდან.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი.

4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

5. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის/დირექტორის დანიშვნა;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცება.

6. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობის უფლებით გადასცეს შესაბამისი ქონება.

7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის უფლებამონაცვლედ.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური