საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №55-1

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
201 წლის 13 იანვრის
N55 განკარგულებით

ოჯახში მოძალადეთა რეაბილიტაციის
კონცეფცია


ოჯახში მოძალადეთა რეაბილიტაციის კონცეფცია (შემდგომში - კონცეფცია) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
კონცეფცია არის დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მოძალადეთა ქცევებით გამოწვეული ზიანის შემცირების საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და ოჯახის სხვა წევრთა დაცვას, დახმარებასა და მათ უსაფრთხოებას.


შ ე ს ა ვ ა ლ ი

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ის ღირებულებებია, რომელთა ეფექტური დაცვისა და რეალიზაციის საშუალებებით განისაზღვრება დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში. შესაბამისად, ყველა ადამიანი თანაბრად უნდა იყოს დაცული და მნიშვნელობა არ ენიჭება იმ ფაქტს, თუ სად ირღვევა მისი უფლებები. ძალადობის სხვა ფორმებთან შედარებით, ოჯახში ძალადობის სიმწვავესა და საშიშ ხასიათს განაპირობებს ის ფაქტორი, რომ ამგვარი ძალადობა ხდება ოჯახში, სადაც ნდობისა და დაცულობის ხარისხი ადამიანებს შორის ყველაზე მაღალი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ყველა შესაძლო საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული.
ოჯახში ძალადობის პრევენციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია ოჯახში ძალადობის გამოვლენა და აღკვეთა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ადეკვატური საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. დასახული მიზნის მისაღწევად კი საჭიროა არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლებრივი უზრუნველყოფა, არამედ მოძალადეთა ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, რეაბილიტაცია უნდა ეფუძნებოდეს ოჯახს და ითვალისწინებდეს კულტურალურ თავისებურებებს, რაც მიიღწევა მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებით.
კონცეფცია აყალიბებს ერთიან მიდგომას ოჯახში მოძალადეთა რეაბილიტაციის ღონისძიებების მიმართ და ადგენს ამ კუთხით ძირითად მიმართულებებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს.
მოძალადეთა ქცევის შეცვლასთან დაკავშირებული რეაბილიტაციის საკითხები უნდა განიხილებოდეს იმგვარად, რომ ყველა შემთხვევაში დაცული და პრიორიტეტული იყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და ოჯახის წევრთა უსაფრთხოება. ამ მიზნით,
სახელმწიფო მხარს უჭერს ოჯახში მოძალადეთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების შემუშავებას და მათ დანერგვას.,


თავი I. ოჯახში ძალადობის პრობლემის ზოგადი მიმოხილვა


ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა და თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს. მას არ გააჩნია საზღვრები (კულტურული, საზოგადოებრივი, ეთნიკური, განათლების, ეკონომიკური ცენზისა და სხვა თვალსაზრისით), რის გამოც მის მასშტაბებს გლობალური ხასიათი აქვს. რიგი კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული ინსტიტუციონალური სოციალური და კულტურული ფაქტორების გამო, ადამიანები ოჯახში განხორციელებული ძალადობისაგან განსაკუთრებით დაუცველნი არიან, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ოჯახში ძალადობის საშიშ ბუნებას.
ოჯახში ძალადობის ძირითადი მახასიათებელია ის, რომ ეს არ არის ერთჯერადი ძალადობრივი ქმედება, მას აქვს ციკლური ბუნება და ახასიათებს ზრდის ტენდენცია, რაც გამოიხატება ძალადობის გაცილებით უხეში ფორმებით, ძალადობის მაღალი ხარისხითა და ინტენსივობით. მის სირთულესა და სიმწვავეს განაპირობებს ოჯახში ძალადობის პრობლემის დაფარული, ტაბუირებული ხასიათი. ეს კი მოძალადეს საშუალებას აძლევს, განაგრძოს თავისი ძალადობრივი ქმედებები. რაც შეეხება ძალადობის ობიექტის/ობიექტების (მსხვერპლთა) ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს, იგი დღითიდღე უარესდება და აღარ შესწევს უნარი, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ პრობლემას. მსხვერპლთა მდგომარეობა, ძალადობრივი ურთიერთობები და გარემო უარყოფითად მოქმედებს ოჯახის ყველა წევრზე, განსაკუთრებით - არასრულწლოვნებზე, ვინაიდან ზრდის ბავშვის/მოზარდის მსხვერპლად ან მოძალადედ ჩამოყალიბების რისკს, რაც, საერთო ჯამში, ასევე ნეგატიურად აისახება მთელ საზოგადოებაზე.


თავი II. სიტუაციური ანალიზი

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი გავრცელებული, რთული და სპეციფიკური სოციალური პრობლემაა საქართველოშიც. იმ ფაქტს, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, მოწმობს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული არაერთი კვლევა. 2009 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტის -დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში _ ფარგლებში განხორციელდა ეროვნული კვლევა საქართველოში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ. სამუშაოები ჩატარდა ეისითი კვლევა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობით. კვლევამ, რომელიც ეფუძნებოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, გააერთიანა რაოდენობრივი და თვისებრივი მიდგომები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და შედეგების, ასევე ოჯახში ძალადობის მიმართ ქალთა განწყობისა და შეხედულებების შესწავლა.
მიღებულმა სტატისტიკამ გამოავლინა, რომ საქართველოში ყოველი მეთერთმეტე ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან განიცდის ფიზიკურ ძალადობას, 14% _ ეკონომიკურ ძალადობას, ხოლო 35,9% აღიარებს, რომ მეუღლის/პარტნიორის მხრიდან გამოუცდია კონტროლის მიზნით განხორციელებული ქმედება. გამოკითხულთა 78,3%-ს მიაჩნია, რომ ოჯახური პრობლემები მხოლოდ ოჯახში უნდა განიხილებოდეს და მათი გარეთ გატანა დაუშვებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული მრავალი კვლევის მიხედვით, ძალადობის მსხვერპლნი ინფორმაციის გამჟღავნებას ერიდებიან და რეალურად ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გაცილებით დიდი რაოდენობა არსებობს.
კონსტიტუციური დებულება სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას (მუხლი 36.2) ზრდის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, იზრუნოს თითოეულ ოჯახზე, მის ყოველ წევრზე, უზრუნველყოს მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენისათვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეფექტური დაცვისა და დახმარებისათვის. სწორედ ამ მიზნით საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 25 მაისს მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, რასაც მოჰყვა მთელ რიგ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების მომზადება და მიღება. კანონმა პირველად განსაზღვრა ოჯახში ძალადობის ცნება კანონმდებლობაში და შექმნა სამართლებრივი საფუძველი დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოსაცემად. კანონმა ასევე განსაზღვრა ძალადობის ფორმები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი, მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები და ინსტრუმენტები, მისი გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემისა და გასაჩივრების პროცედურები, ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართალწარმოების თავისებურებები, განმარტა `მოძალადის, ოჯახის წევრის და სხვა ცნებები.
კანონის ძალაში შესვლიდან დღემდე არაერთი შემაკავებელი და დამცავი ორდერი იქნა გამოცემული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2007 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით გამოცემულია 953 შემაკავებელი ორდერი. აქედან თბილისში გამოცემულია შემაკავებელი ორდერების 75%. ოჯახში ძალადობის მსხვერპლად 90.3%-ში წარმოდგენილია ქალი, ხოლო ძალადობის ფორმებიდან დომინირებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. რაც შეეხება დამცავ ორდერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2009 წლიდან 2010 წლის პირველი კვარტალის პერიოდში საქართველოს მასშტაბით გამოცემულია 37 დამცავი ორდერი. აქედან, თბილისში - 25 (67%), ხოლო რეგიონებში - 12 (37%). გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების რაოდენობის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სახელმწიფოს დახმარებისთვის, უმეტეს შემთხვევაში, მიმართავს სერიოზული ინციდენტის/ძალადობის დროს. ამრიგად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენების ფაქტები ადასტურებს კანონის ქმედუნარიანობასა და სიცოცხლისუნარიანობას.
ოჯახში ძალადობა კომპლექსური პრობლემაა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სისტემური, თანმიმდევრული და კოორდინირებული ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას, რამაც უნდა გააუმჯობესოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეფექტური დაცვისა და დახმარების მექანიზმები და ხელი შეუწყოს მოძალადეთა რეაბილიტაციას. ეს კი, ძირითადად, მათი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. აღნიშნული სისტემური ღონისძიებები ხელს შეუწყობს როგორც პრობლემის დაძლევას, ისე უზრუნველყოფს პრობლემის პრევენციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების გატარების პარალელურად უზრუნველყოს მოძალადეთა სავალდებულო რეაბილიტაციის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა.

თავი III. მიზანი და ამოცანები

მოძალადეთა რეაბილიტაციის სფეროში კონცეფციის მიზანია მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლისაკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავება, მათი დანერგვისა და გატარების ხელშეწყობა, რაც, საბოლოო ჯამში, ზემოქმედებას მოახდენს ოჯახის წევრთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მათი ძალადობისაგან თავისუფალი ცხოვრების უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო იზიარებს იმ მიდგომას, რომ ძალადობა ოჯახში მიუღებელია და მოძალადეები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე; ასევე მიიჩნევს, რომ შესამუშავებელია მექანიზმები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და ოჯახის წევრთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად. ეს მიიღწევა მოძალადეთა ძალადობრივი ქცევის აღკვეთით და შეცვლით, ძალადობრივ ქცევასა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღიარებით, ასევე მოძალადეთა ქცევასა და დამოკიდებულებებში მიღწეული პოზიტიური ცვლილებების შენარჩუნებით.

ამოცანები
საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მოძალადეთა რეაბილიტაციის ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და პარტნიორობის საფუძველზე, რაც მოიცავს:
ა) მოძალადეთა სარეაბილიტაციო შესაბამისი მექანიზმების შექმნას;
ბ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვის მექანიზმის განსაზღვრას;
გ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

თავი IV. სტრატეგიები და ქმედებები

მოძალადეთა რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი მიზნისა და ამოცანების მისაღწევად საჭიროა გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რისთვისაც მნიშვნელოვანია კონკრეტული სტრატეგიებისა და შესაბამისი ქმედებების განსაზღვრა:

1. ქცევისა და დამოკიდებულებების შეცვლა სათანადო პროგრამების მეშვეობით.

2. ადრეული ინტერვენციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

3. მოძალადეთა ქცევაში მიღწეული ცვლილებების მდგრადობის უზრუნველყოფა.

4. საინფორმაციო და სტატისტიკური ბაზის შექმნა.