საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №205

მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხ¬ლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურზე შეღავათის გაწევის მიზნით:

1. ელექტროენერგიის „აქტიური მომხმარებლებისათვის", ერთჯერადი ღონისძიების სახით, შემოღებულ იქნეს ელექტროენერგიის ვაუჩერი - 20 ლარის ოდენობით.

2. ამ განკარგულების მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ვაუჩერი - ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებლისათვის განკუთვნილი მატერიალიზებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც ავტომატურად ანიჭებს ვაუჩერის მოსარგებლეს მოხმარებულ ელექტროენერგიაზე, ერთჯერადად, 20 ლარის ოდენობის შეღავათს. ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;
ბ) აქტიური მომხმარებელი - ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი/აბონენტი, რომლის მოხმარებაც უწყვეტი (ყოველთვიური) იყო მინიმუმ 6 თვის განმავლობაში 2009/2010 წლების ზამთრის განმავლობაში, კერძოდ, 1 ოქტომბრიდან 1 აპრილამდე და აღნიშნულ 6-თვიან პერიოდში მისი ჯამური მოხმარება აღემატება 200 კვტ/სთ-ს;
გ) ვაუჩერის მოსარგებლე - N2 დანართით განსაზღვრული აქტიური მომხმარებელი.

3. ვაუჩერის მოსარგებლე უფლებამოსილია:
ა) ავტომატურად, ერთჯერადად, მიიღოს მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ღირებულების 20-ლარიანი შეღავათი; ან
ბ) 2011 წლის 1 ივნისამდე მის პირად ბარათზე არსებული 20- ლარიანი შეღავათი ამ განკარგულებით განსაზღვრული წესით აჩუქოს სხვა ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ამის საფუძველზე ავტომატურად ისარგებლებს მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ღირებულების 20-ლარიანი შეღავათით.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში _ სააგენტო) უზრუნველყოს:
ა) N1 დანართის შესაბამისი ფორმისა და N2 დანართში მოცემული სიის მიხედვით 20-ლარიანი ელექტროენერგიის სახელობითი ვაუჩერების დაბეჭდვა;
ბ) დაბეჭდილ სახელობით ვაუჩერებზე საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭება, რომელიც იდენტური იქნება შესაბამისი ვაუჩერის მოსარგებლის სააბონენტო ნომრისა;
გ) 2011 წლის 15 მარტამდე აღნიშნული ვაუჩერების დარიგებისთვის საჭირო ღონისძიებები;
დ) 2011 წლის 15 მარტამდე N2 დანართით განსაზღვრულ ვაუჩერის მოსარგებლეებზე შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებიდან სათანადო თანხების (ერთ აქტიურ მომხმარებელზე _ 20 ლარი) გადარიცხვა.

5. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა უზრუნველყონ:
ა) თანხის ჩარიცხვისთანავე მისი ასახვა იმ მოსარგებლეების პირად ბარათებზე (ერთ აქტიურ მომხმარებელზე _ 20 ლარი), რომლებიც განისაზღვრებიან N2 დანართის შესაბამისად;
ბ) ვაუჩერის გაჩუქების შემთხვევაში დასაჩუქრებულისათვის (ვის სასარგებლოდაც გაჩუქდა ვაუჩერი) 20-ლარიანი შეღავათის ასახვა ელექტროენერგიის მომხმარებლის პირად ბარათზე. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მჩუქებელი და და-საჩუქრებული არიან სხვადასხვა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის აბონენტები;
გ) ამ პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვა მომხმარებლებისათვის ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათის გადაცემის აღრიცხვის (რეესტრი) წარმოება;
დ) ამ პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმის იდენტიფიცირება, რომ ნაჩუქარი ვაუჩერის სადისტრიბუციო კომპანიაში წარმდგენი პირი და ამ ვაუჩერით დასაჩუქრებული აბონენტი ერთი და იგივე პირია ან არის დასაჩუქრებული აბონენტის მისამართზე რეგისტრირებული პირი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში _ იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;
ე) ვაუჩერის დარიგების პროცესში სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისათვის დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა იმ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება აბონენტის მისამართის მიგნება.

6. დამტკიცდეს:
ა) ვაუჩერის ფორმა N1 დანართის შესაბამისად;
ბ) 941,634 აქტიური მომხმარებლების სია N2 დანართის შესაბამისად;
გ) „ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესი" N3 დანართის შესაბამისად.

7. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ სააგენტოს ვაუჩერების დასარიგებლად. სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთშეთანხმებით, შესაძლებელია ვაუჩერების დარიგება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით. აღნიშნული პროცესის კოორდინაცია განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულებმა - გუბერნატორებმა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

8. სააგენტომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებისათვის უზრუნველყოს საინფორმაციო კლიპების დამზადება და განთავსება.

9. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა (გარდა კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული რაოდენობისა) გაზარდოს 2 650 ერთეულით.

10. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს შემდეგი დასახელების ორგანიზაციული კოდი - „მოსახლეობის ელექტროენერგიის სუბსიდიით უზრუნველყოფა".

11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ორგანიზაციული კოდის _ „სამინისტროს პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება და 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდა" არა უმეტეს 20 მილიონი ლარით შემცირების ხარჯზე, ამავე თანხის ფარგლებში გაზარდოს ორგანიზაციული კოდი _ „მოსახლეობის ელექტროენერგიის სუბსიდიით უზრუნველყოფა".

12. ამ განკარგულებით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტომ საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური