საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №205-3

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2011 წლის 31 იანვრის
N205 განკარგულებით
დანართი N3

ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მუშაკი - სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში _ სააგენტო) დელეგირებული სათანადო უფლებამოვალეობებით აღჭურვილი ფიზიკური პირი მოსარგებლეთათვის ვაუჩერის გადაცემის ფუნქციით. ცალკეულ შემთხვევებში, მუშაკი შესაძლებელია იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი (სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამ კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე);
ბ) პერსონალური რეესტრი - სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზე მუშაკი ახორციელებს მოსარგებლეთათვის ვაუჩერის დარიგებას;
გ) სადისტრიბუციო კომპანია - მოსარგებლისათვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი სადისტრიბუციო კომპანია.

მუხლი 2. ვაუჩერი და მოსარგებლეთა პერსონალური რეესტრები

1. სააგენტო უზრუნველყოფს ვაუჩერის სტამბური წესით პერსონიფიცირებული (აბონენტის ნომერი და მისამართი) ვაუჩერის ფორმების ბეჭდვას და ალაგებს/ფუთავს დასარიგებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.

2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის მისაწოდებლად სააგენტო ხელმძღვანელობს ამ განკარგულების N2 დანართის შესაბამისი ელექტრონული სიით.

3. დარიგებისათვის მომზადებული ვაუჩერები შესაბამისი პერსონალური რეესტრების თანხლებით გადაეცემა მუშაკს დადგენილი წესით.

4. სააგენტო უზრუნველყოფს ვაუჩერით სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობისათვის.

მუხლი 3. ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის

1. მოსარგებლეს ვაუჩერს გადასცემს მუშაკი პერსონალური რეესტრის საფუძველზე, რაც დასტურდება რეესტრში ვაუჩერის მიმღების ხელმოწერით.

2. ვაუჩერის მიმღები შეიძლება იყოს აბონენტის მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირი (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად).

მუხლი 4. ანაზღაურება საპრეზიდენტო სუბსიდიის ვაუჩერის შესაბამისად

1. ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათი აბონენტის პირად ბარათზე აისახება ავტომატურად და არ საჭიროებს მის წარდგენას სადისტრიბუციო კომპანიაში.

2. მომსახურე სადისტრიბუციო კომპანიის სერვისცენტრში ვაუჩერის წარდგენა სავალდებულოა:
ა) თუ 2011 წლის 15 მარტამდე შეღავათი არ აისახა აბონენტის პირად ბარათზე;
ბ) ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათის სხვა აბონენტისაგან საჩუქრად მიღების შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუცილებელია ვაუჩერის სპეციალურ გრაფაში სრულად იქნეს მითითებული სასურველი აბონენტის (დასაჩუქრებულის) მონაცემები და სადისტრიბუციო კომპანიაში ვაუჩერის წარდგენა მოხდეს არა უგვიანეს 2011 წლის 1 ივნისისა.

4. ვაუჩერი სადისტრიბუციო კომპანიაში უნდა წარადგინოს უშუალოდ დასაჩუქრებულმა აბონენტმა ან ამ აბონენტის მისამართზე რეგისტრირებულმა ნებისმიერმა პირმა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა და თან იქონიოს პირადობისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

მუხლი 5. მოსარგებლისათვის ვაუჩერის დარიგება

1. მუშაკი ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში N2 დანართით განსაზღვრულ მოსარგებლეებს დაურიგოს ვაუჩერები. 15 კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს მინიმუმ სამი ვიზიტი იმ შემთხვევაში, როცა რაიმე მიზეზით ვერ გადასცა მოსარგებლეს ვაუჩერი პირველი ორი ვიზიტის დროს.

2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის გადასაცემად მუშაკი მიღებაჩაბარების აქტის საფუძველზე სააგენტოსაგან იღებს მასზე გაპიროვნებულ ვაუჩერებს და შესაბამის პერსონალურ რეესტრს მოსარგებლეთა მონაცემებით.

3. მუშაკი პერსონალურ რეესტრში მითითებული მისამართის მიხედვით საცხოვრებელ ბინაში აკითხავს მოსარგებლეს.

4. ვაუჩერი უნდა გადაეცეს უშუალოდ აბონენტის მისამართზე მყოფ ნებისმიერ პირს (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად). იდენტიფიკაციის შემდეგ მუშაკის მიერ პერსონალურ რეესტრში მკაფიო, გასაგები ხელწერით შეიტანება:
ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ნებისმიერი ხელმისაწვდომი ტელეფონი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) გრაფაში _ ,,შენიშვნა'' აღინიშნება რაიმე განსაკუთრებული, საყურადღებო ინფორმაცია მოსარგებლის ადგილსამყოფელთან ან მის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით, რასაც მნიშვნელობა აქვს ვაუჩერის გადაცემისათვის;
გ) გრაფაში _ ,,შედეგი'' აღინიშნება შედეგი ვაუჩერის გადაცემის შესახებ ან ვადის ამოწურვის (მინიმუმ სამი ვიზიტის) შემდეგ დაფიქსირებული ის მიზეზი, რის გამოც მუშაკმა ვერ შეძლო ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის. სტანდარტული მიზეზები სათანადო კოდით მითითებული უნდა იყოს პერსონალური რეესტრის ყოველ ფურცელზე.

5. მუშაკი აცნობს და უხსნის მოსარგებლეს ვაუჩერის სარგებლობის პირობებს, განუმარტავს უფლებებსა და ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათის გაჩუქების წესს.

6. ვაუჩერისა და შესაბამისი განმარტებების მიღების ფაქტი დასტურდება მოსარგებლის ხელმოწერით რეესტრის გრაფაში - „ვაუჩერის მიღების დადასტურება.

7. მუშაკის ვალია, ზუსტად, დანიშნულებისამებრ მიიტანოს ვაუჩერი და დაამისამართოს იგი მრიცხველის სააბონენტო ნომრის მიხედვით. არამართლზომიერ მოქმედებაში მუშაკის მონაწილეობა გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას.

მუხლი 6. საგანგებო შემთხვევები

1. პერსონალური რეესტრის ფურცელზე დაშვებული და გასწორებული შეცდომა მოწმდება მუშაკის მიერ შენიშვნის გრაფაში ჩაწერილი სიტყვით _ ,,შევასწორე.

2. ვაუჩერის მოსარგებლის (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის მიმღების) გარდა სხვა პირისათვის გადაცემის ფაქტზე დავის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მუშაკს.

3. თუ ვაუჩერზე აბონენტის მისამართი არ არის დაბეჭდილი, ან დაბეჭდილია არასრულად, ან დაბეჭდილი მისამართის მიგნება ვერ ხერხდება, ასეთ შემთხვევაში მუშაკის მიერ აბონენტის ადგილმდებარეობა უნდა დადგინდეს შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიის მეშვეობით აბონენტის ნომრის გამოყენებით.