საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 5 ივლისის მთავრობის სხდომა

2011 წლის 5 ივლისის მთავრობის სხდომა 2011 წლის 5 ივლისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 62 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი. 

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროში ჩატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ნიკა გილაურის სიტყვას:

"ჯანდაცვის რეფორმა ამა წლის რეფორმებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის რეფორმაში ვგულისხმობ ახალი კლინიკების და საავადმყოფოების მშენებლობას, რომელიც წელს დავიწყეთ და დასრულდება წლის ბოლომდე, ნაწილი მომავალ წელს დასრულდება. რეგიონებში და თბილისში ჯამში 50-ზე მეტი საავადმყოფოს და კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრს მინდა ვთხოვო ინფორმაცია მოგვაწოდოს. კარგი იქნება, რომ ამ პროგრამების მიმდინარეობის შესახებ 6 თვის შედეგების მიხედვით საზოგადოებისთვის პრეზენტაცია გავაკეთოთ."

ანდრია ურუშაძე: "ბატონო პრემიერო, მიმდინარეობს კერძო კლინიკის მშენებლობები, ჟვანიას სახელობის კლინიკის და ახალი რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე დასრულდა საბიუჯეტო რესურსების რეაბილიტაცია. ფუნქციონირების დასაწყებად პრაქტიკულად ყველა კლინიკა მზად არის.

დასრულდა ფილტვის ეროვნული ცენტრის ყველა კორპუსის მშენებლობა და რეაბილიტაცია. მთლიანად დასრულდა ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. კერძო კლინიკები უკვე მზად არის გასახსნელად. ფუნქციონირება დაიწყო საუნივერსიტეტო კლინიკამ თბილისის პირველი კლინიკის ბაზაზე. ასევე მზად არის გასახსნელად და ორ თვეში ფუნქციონირებას დაიწყებს "ნიუ ჰოსპიტალი", რომელიც არის ნევროლოგიის და თვალის კლინიკის ბაზაზე. რაიონებში ყველა მშენებლობა დაგეგმილი ტემპებით მიმდინარეობს. 1 დეკემბრისთვის ველოდებით, რომ საქართველოს 50 რაიონში იქნება 15-დან 25 საწოლიანი კლინიკები, როგორც ეს იყო მთავრობის გეგმის მიხედვით განსაზღვრული."

ნიკა გილაური: "უმნიშვნელოვანესი რეფორმაა და წლევანდელი წლის ბოლოს პირველი შედეგები გვექნება.

ამ წლის ბოლომდე საქართველოში 50-60-ზე მეტი ახალი კლინიკა-საავადმყოფო იქნება. ეს სიახლეები გაგრძელდება და რამოდენიმე ათეულ ახალ კლინიკას და საავადმყოფოს გავხსნით უახლოეს მომავალში. ძირითადად, ეს არის კერძო სექტორის ინვესტიციები, თუმცა სახელმწიფოც გარკვეულ წილად ღებულობს ამ ინვესტიციებში მონაწილეობას.

ყველა მინისტრს მინდა ვუთხრა, რომ საზოგადოებას 6 თვის შედეგები წარვუდგინოთ. როგორი გეგმა გვაქვს წლის ბოლომდე, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით პრეზენტაცია გავაკეთოთ."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური