საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 12 ივლისის მთავრობის სხდომა

2011 წლის 12 ივლისის მთავრობის სხდომა 2011 წლის 12 ივლისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 46 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"გასულ კვირას პარლამენტმა ეკონომიკური თავისუფალი აქტის შესახებ კანონი მიიღო. ეკონომიკური გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონი. ამ კანონზე ძალიან დიდი ხანი ვიმუშავეთ. ამ კანონის შემუშავებაში მრავალი თვის განმავლობაში როგორც პარლამენტის წევრები, ასევე მთავრობის წევრები იყვნენ ჩართულები, აგრეთვე ჩავრთეთ ძალიან ბევრი საერთაშორისო ექსპერტი. ამ მიმართულებით შევისწავლეთ ძლიან ბევრი ქვეყნის გამოცდიელაბა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ერთერთი ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ.

ფინანსთა მინისტროს მინდა ვთხოვო, რომ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ბრიფინგი ჩაატაროს, საზოგადოებას შევხვდეთ და ავუხსნათ ამ კანონის დეტალები, რომ ამ კანონის შინაარსი ყველამ კარგად იცოდეს.

რა არის ამ კანონის შინაარსი?! ძალიან მარტივად რომ ავხსნა, ეს არის გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის კანონი, სადაც გაწერილია რა მაკროეკონომიკური პარამეტრებით შეუძლია ფუნქციონირება მთავრობას მომავალში. მაგალითისთვის, გაწერილია, რომ მთავრობაში საბიუჯეტო დეფიციტი მაქსიმუმ უნდა ქონდეს 3%-ი, მაქსიმალური ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან შეიძლება იყოს მხოლოდ 60%-ი და მაქსიმალური საბიუჯეტო ხარჯი მთლიან შიდა პროოდუქტთან შეიძლება იყოს 30%-ი. ეს არის სამი მთავარი პარამეტრი, რომელიც ჩაწერილია კანონში. თუმცა ასევე გაწერილია, რომ მთავრობას შეუძლია ერთჯერადად დაარღვიოს ეს ჭერები, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკა ამ ჭერების ქვეშ უნდა დაბრუნდეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?! ეს არის სამი მთავარი პარამეტრი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა არ გაკოტრდება, ქვეყანა ძალიან სერიოზულად არ დააწვება კერძო სექტორს, რომ მთავრობის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 30%-ზე მაღალი არ იქნება. ეს მნიშვნელოვანია მარტივი მიზეზის გამო - ძალიან ხშირად ბევრი ინვესტორი, ბევრი კერძო სექტორის წარმომადგენელი, ბიზნესმენი გვეუბნება, რომ მათ მოსწონთ საქართველოს კანონმდებლობა, მათ მოწსონთ არსებული ეკონომიკური რეგულაცია. მაგრამ მათი ინვესტიციები 15-20-25-30 წელიწადზეა გათვლილი და სად არის გარანტიები იმისა, რომ ეს ეკონომიკური მიმართულება არ შეიცვლება? საქართველო ამ ახალი რეგულაციით არ არის არც დიდი ბრიტანეთი, არც ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ასეთი კანონმდებლობა უკვე რამოდენიმე ათეული, ასეული წელი არსებობს.

ამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე საჭირო იყო პასუხის მოძებნა. ვფიქრობ, რომ ერთერთი მთავარი პასუხი ამ კითხვაზე ეს ახალი კანონია, სადაც ყველა კერძო სექტორის წარმომადგენელს, ყველა ინვესტორს, ყველა ბიზნესმენს, ყველა დამსაქმებელს ვეუბნებით, რომ გრძელვადიან პერიოდშიც მთავრობაც იქნება ამ ჩარჩოებში ჩასმული, ის არ შემოიღებს "დრაკონულ" გადასახადებს, ის არ იქნება ვალის მდგომარეობაში. საქართველოს მთავრობა მომავალშიც 60% ვალს არ გასცდება (ახლა 43-ია საქართველოს ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან), ანუ იმ მდგომარეობაში არ ჩავადრება, რომელშიც დღეს უკვე ჩავარდა ძალიან ბევრი, მათ შორის ევროპული ქვეყნები.

ამას ვეუბნებით კერძო სექტორს, ინვესტორებს. ეს საქართველოში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ კანონზე მუშაობდა და მივულოცო კერძო სექტორს, ინვესტორებს ამ კანონის მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონის მიღება კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობას, კიდევ უფრო გაზრდის ინვესტიციებს საქართველოში და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

დიმა (გვინდაძე), ამ კვირაში კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს რამოდენიმეჯერ შევხვდეთ და ავუხსნათ ამ კანონის შინაარსი, დეტალები. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის".

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური