საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 10 აგვისტოს მთავრობის სხდომა

2011 წლის 10 აგვისტოს მთავრობის სხდომა 2011 წლის 10 აგვისტოს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართ. დღის წესრიგში 36 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პრივატიზაციის პროცედურებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"მოგესალმებით. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრივატიზაციის პროცედურებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განვიხილავთ. აღნიშნული ცვლილებები სახელმწიფო კომპანიებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო ბირჟებზე სააქციო პაკეტები განათავსონ: ლონდონის, ნიუ იორკის, ვარშავის და სხვა.

აქამდე ამის შესაძლებლობას დღევანდელი რეგულაცია არ გვაძლევდა. ლონდონის და ვარშავის ბირჟებზე 15-20-25%-ის აქციების განთავსების შესაძლებლობა გვინდა განვიხილოთ, ისეთ კომპანიებში, როგორიც არის "რკინიგზა", "აეს კორპორაცია", "ელექტროსისტემა" და სხვა სახელმწიფო კომპანიები. ეს საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში დიდი რაოდენობის ახალი კაპიტალი მოვიზიდოთ, დიდი რაოდენობის ინვესტიციები შემოვიტანოთ. გარკვეულწილად სტიმულს მისცემს კერძო კომპანიებს, რათა იგივე გააკეთონ და ლონდონის, ნიუ იორკის და ვარშავის ბირჟებიდან თანხები შემოიტანონ საქართველოში. ეს დამატებით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას და დასაქმებას.

ამ ეტაპზე საერთაშორისო ბირჟებზე სიტუაცია არ არის სახარბიელო. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა საქართველოსადმი ნდობა შემცირებული არ არის. პირიქით, გაზრდილია და საქართველოს ფასიანი ქაღალდები უფრო კარგად ივაჭრება.

სხვა ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა, საქართველოს ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის ჯანსაღი. შესაბამისად, თუ 10 წლიანი სესხი საქართველოს ივაჭრებოდა 7,1%-ში, ახლა ივაჭრება - 6,2%-ში. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას პოზიტიურად აფასებს და უფრო მეტი ნდობა გააჩნია."

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური