საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 15 აგვისტოს მთავრობის სხდომა

2011 წლის 15 აგვისტოს მთავრობის სხდომა 2011 წლის 15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 49 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბაკურ კვეზერელს რთველის სეზონისთვის მზადების შესახებ ინფორმაციის მოწოდება სთხოვა.

ნიკა გილაური: "მოგესალმებით. რამოდენიმე კვირაში რთველის სეზონი იწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეღვინეებს, მწარმოებლებს უკვე შეხვდა. წელს ძალიან კარგი მოსავალი იქნება. ბაკურს მინდა ვთხოვო გვითხრას, როგორ ვემზადებით, რა მდგომარეობაა, როგორ მოსავალს ველით და სექტორი როგორ არის მზად?

ბაკურ კვეზერელი: "მინდა აღვნიშნო, რომ სექტორის წარმომადგენლებთან რამოდენიმე შეხვედრა შედგა. როგორც მევენახეებთან, ასევე გადამამუშავებელ საწარმოებთან, მეღვინეებთან. შეჯერებულია საპროგნოზო რაოდენობა, რაც ამ საწარმოებში იქნება გადამუშავებული.

იმუშავებს 27 კომპანია, რომელიც ოპერირებას 32 წერტილში გააკეთებს. ყურძნის მიღება 32 ადგილას იქნება. საწარმოებისგან მიღებული განაცხადების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი მოსავლის მიუხედავად განსაკუთრებული პრობლემები არ იქნება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად და ორგანიზებულად მივიღოთ და გადავამუშავოთ მოსავალი.

როგორც იცით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხები მევენახეების ფინანსური მხარდაჭერისთვის. გლეხები ვაუჩერის სახით დამატებით დახმარებას მიიღებენ.

აქტიურად, სახელმწიფო კომპანიების მეშვეობით მივიღებთ და გადავამუშავებთ მთლიან მოსავალს, რომელიც იქნება აღებული."

ნიკა გილაური: "პროცესი 25 აგვისტოს დაიწყება და გაგრძელდება 7-8 კვირა. ამ პრეიოდის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაქსიმალური მობილიზაცია უნდა იყოს, რომ ეს რთველი ისევე წარმატებულად ჩატარდეს, როგორც გასული წლების განმავლობაში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური