პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციისა და მილენიუმის კორპორაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი, ბატონი რონ კირკი, შეთანხმდნენ, რომ ამა წლის მაისის ბოლოს დაიწყება მაღალი დონის დიალოგი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. ამ დიალოგის ძირითადი მიზანია ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის დასაწყისში აღნიშნა: „განიხილება 100-150 მილიონიანი ახალი კომპაქტი, საუბარია ახალ ინვესტიციაზე განათლების სექტორში. ფულის ნაწილი მოხმარდება სკოლების რეაბილიტაციას, ნაწილი კი ახალი ამერიკული უნივერსიტეტის განვითარებას, რომელიც იქნება ამერიკული უნივერსიტეტი. ქართველ სტუდენტებს ამერიკული დიპლომის მიღება შეეძლებათ. მაისის ბოლოს დაიწყება მოლაპარაკებები საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობების მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით."

აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს კრისტიან ლეგარდს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ურთიერთობაზე ისაუბრეს.

„აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ერთერთი ყველაზე ჯანსაღია მსოფლიოში. ხაზგასმით აღინიშნა ბიუჯეტის დეფიციტი, საქართველოს დაბალი ვალი, დაბალი ინფლაცია და ჯანსაღი საბანკო სექტორი. გარდა ამისა აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი გამოციდლება აქვს ეკონომიკური პრობლემების გადალახვაში, დღეს გვაქვს მზარდი ეკონომიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოცდილებს გაზიარება," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური