საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 28 მარტის მთავრობის სხდომა

2012 წლის 28 მარტის მთავრობის სხდომა 2012 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 48 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, ორიოდე სიტყვით განათლების რეფორმის შესახებ და იმ რეზულტატების შესახებ მინდა მოგახსენოთ, რომლებიც ჩვენმა რეფორმამ უკვე გამოიღო. იმედია, მომავალში უფრო მეტი რეზულტატი გვექნება. ამჯერად ვგულისხმობ როგორც სკოლის რეფორმას, ასევე საუნივერსიტეტო გამოცდებს.

პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად წელს 41 ათასი მასწავლებელი დარეგისტრირდა. ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე გასულ წელს. ეს, ჩემი აზრით, ძალიან დიდი წარმატებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეთათვის, რომ ჯაჭვში აბსოლუტურად ყველა რგოლი იყოს მიმართული ერთი და იგივე მიზნისაკენ.

ეს მიზანი უნდა იყოს ბავშვის განათლების დონის გაზრდა. შესაბამისად, როგორც სკოლის დირექტორებს, ასევე მასწავლებლებს სხვადასხვა მოტივაცია შევუქმენით. ერთერთი მთავარი მოტივაცია სერტიფიცირება, სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებაა. ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს ეძლევა ხელფასი 75 ლარის (დანამატით). გარდა ამისა, ვინც ჩააბარებს ინგლისურს და კომპიუტერს დამატებით - 125 ლარი და ყველაზე საუკეთესო 25%-ისთვის განსაზღვრულია 1000 ლარიანი ხელფასი. შესაბამისად, ეს დამატებითი მოტივაციაა მასწავლებლისთვის, იმისთვის რომ გაიარონ სასერტიფიკაციო გამოცდები. ჩემი აზრით, 41 ათასი მასწავლებელი, რომელიც დარეგისტრირდა წელს, ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია.

რაც შეეხება საუნივერსიტეტო გამოცდებს, აქაც ძალიან კარგი რეზულტატები გვაქვს. ამ ოთახში გასულ წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქცენტი გაგვეკეთებინა ტექნიკურ საინჟინრო დისციპლინებზე. ეს ის დისციპლინებია, რომლებიც დღეს სინამდვილეში სჭირდება ქართულ ბიზნესს, ქართულ ეკონომიკას. ეს ის დისციპლინებია, სადაც მომავალში კურსდამთავრებულები უფრო ადვილად იპოვნიან სამსახურებს.

შესაბამისად, ეს აქცენტი აღებული გვაქვს და რეზულტატიც შესაბამისი მივიღეთ. ანუ რეზულტატებში იმას ვგულისხმობ, რომ წელს აბიტურიენტთა უმრავლესობას არჩეული აქვს საინჟინრო დისციპლინებზე ჩაბარება. კონკურსი არის ისეთი, როგორიც აქამდე
არ გვქონია. სხვადასხვა უნივერსიტეტებში მათემატიკურზე და ფიზიკურზე ერთ ადგილზე მოდის 10-15-ი აბიტურიენტი. ყველაზე დიდი კონკურსი არის სამხედრო ინჟინერიაზე, სადაც 70-ი აბიტურიენტი მოდის ერთ ადგილზე და ელექტროინჟინერიაზე, სადაც 36-ი აბიტურიენტი მოდის ერთ ადგილზე. კონკურსი ძალიან დიდია.

პოლიტიკამ, რომელიც ჩამოვაყალიბეთ რეზულტატი უკვე გამოიღო...

ყველაზე დიდი მოთხოვნა კერძი სექტორიდან არის ამ დისციპლინებზე, ყველაზე მეტი სამსახური, სამუშო ადგილი ამ მიმართულებებით იქმნება დღეს საქართველოში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური