2012 წლის 19 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2012 წლის 19 სექტემბრის მთავრობის სხდომადღეს, საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა ქალაქ ხაშურში და ძირითადად ხაშურის და შიდა ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების განხილვას დაეთმო.
სხდომაზე მინისტრებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროექტების შესახებ. განხილულ იქნა ხაშურის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, გაზიფიკაციისა და ინდივიდუალური ელექტროგამრიცხველიანების საკითხი, ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპები, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის მიმდინარეობა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაციის და სტრატეგიული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხები.

ენერგეტიკის მინისტრმა ვახტანგ ბალავაძემ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გაზიფიცირების და გამრიცხველიანების სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით 931 590 აბონენტის გაზიფიცირების ვალდებულება აღებული აქვს ორ მსხვილ კომპანიას. ამ ეტაპზე სამუშაოები შესრულებულია 82%-ით და იგი გრაფიკის მიხედვით 2014 წლის პირველ კვარტალში მთლიანად დასრულდება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც კერძო დისტრიბუტორებმა გაზმომარაგების სფეროში ჯერ კიდევ 2004 წლამდე აიღეს დღესდღეობით ნაწილობრივ აღარ შეესაბამება არსებულ რეალობას. ამიტომ, იქ სადაც კერძო კომპანია ვერ ახორციელებს დისტრიბუციას, გამრიცხველიანებასა და მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობას ამ საკითხების მოგვარება საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს. ვანო მერაბიშვილმა ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრებს დაავალა, შეიმუშავონ კონცეფცია, რომელიც ხელს შეუწყობს გაზიფიკაციის ტემპების დაჩქარებას.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ მამუკა ვაწაძემ მთავრობის წევრებს თბილისი-რიკოთის ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესის მიმდინარეობა გააცნო. მისი განცხადებით, გზის პირველი მონაკვეთის, თბილისი-რუისის დასრულების შემდეგ დაწყებულია მუშაობა რუისი-აგარა-გომის მონაკვეთზე. პარალელურად მიმდინარეობს ქუთაისი-სამტრედია-ქობულეთის შემოვლითი გზის და თბილისი-რუსთავის გზის სამშენებლო სამუშაოები. ოქტომბრის თვის ბოლოს მზად იქნება გომი-ხაშურის მონაკვეთის პროექტი და მის განხორციელებაზე გამოცხადდება ტენდერი, ხოლო მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყება. 2014 წლის ზაფხულიდან ავტომაგისტრალი ხაშურიდან რიკოთის მიმართულებით გაგრძლდება.

სოციალური მომასახურების სააგენტოს დირექტორმა რამაზ სულამანიძემ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს სამსახურის მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის მიმდინარეობა გააცნო. სულამანიძის განცხადებით, 763 286 ოჯახიდან, რომლებიც დასაქმების პროგრამაში ჩართვის მიზნით შეირჩა, დასაქმების აგენტებმა უკვე განახორციელეს ვიზიტი ოჯახების 78.8%-ში. მთლიანად დასრულებულია ხაშურსა და შიდა ქართლში უმუშევართა აღრიცხვა და მონაცემები შეტანილია დასაქმების სამინისტროს საერთო ბაზაში. თვის ბოლომდე ასევე დასრულდება ქალაქ გორის მცხოვრებთა აღრიცხვა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კოტე კობახიძემ ისაუბრა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაციის თემაზე. მისი თქმით, ასაცრელი 922 000 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან ამჟამად აცრილია 650 000. ხაშურის რაიონში დღეის მონაცემებით აცრილია პირუტყვის 76%.

სხდომის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვიშხეთთან ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის შემოვლითი ხაზის მშენებლობის მნიშვნელობაზე. როგორც ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, მთავრობამ დაწვრილებით უნდა შეისწავლოს მოსახლეობის იმ ნაწილის პრეტენზიები, რომელთა სახლებიც რკინიგზის ხაზის მშენებლობის არეალში ხვდება და უნდა განიხილოს მათთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი. პრემიერის თქმით, ახალი ხაზის მშენებლობის პარალელურად უნდა გაუმჯობესდეს ქვიშხეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა.