საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი რუსთავში რამდენიმე საწარმოს ესტუმრა ამოსაბეჭდი ვერსია

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქალაქ რუსთავში ჩავიდა, სადაც მომდევნო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე სამრეწველო ობიექტს დაათვალიერებს.

თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზოტოვანი სასუქების ერთადერთ მწარმოებელ, ქიმიურ საწარმო „აზოტ"-ს ესტუმრა. ქარხნის წარმომადგენლებმა ვანო მერაბიშვილს გააცნეს საწარმოო პროცესი და საწარმოს გაფართოების გეგმები, რის შედეგადაც „აზოტი"-ს წარმადობა გაორმაგდება. პრემიერ-მინისტრი საწარმოში არსებული სამუშაო პირობებითაც დაინტერესდა. ქარხანაში ამჟამად 2335 ადამიანი არის დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი 850 ლარს შეადგენს. კომპანიას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ამერიკისა და ევროპის ათამდე ქვეყანაში გააქვს.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი შპს „ვაგონმშენებელ კომპანია"-ს ესტუმრა და საწარმოო პროცესი დაათვალიერა. ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ქარხნის მიერ გამოშვებული ვაგონები თითქმის მთლიანად ქართული წარმოების დეტალებისგან არის დამზადებული და მათი აწყობაც ადგილზევე ხდება. საწარმოში ამჟამად 650 ადამიანი არის დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი 700 ლარს შეადგენს. კომპანია ახორციელებს ყველა სახის სატვირთო და სამგზავრო ვაგონის კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთებას, ამზადებს ნავთობგადასაზიდ ციხტერნებს და უახლოეს მომავალში კონტეინერმზიდების დამზადებას დაიწყებს. კომპანიის ძირითადი დამკვეთები არიან საქართველოს და სომხეთის რკინიგზა და უკრაინის კერძო კომპანიები.