საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში თათბირი ჩაატარა ამოსაბეჭდი ვერსია

 

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში თათბირი ჩაატარადღეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სპეციალური თათბირი გამართა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიების, წამყვანი კლინიკების და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თათბირზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის ახალი სამთავრობო პროგრამის ამოქმედების შედეგად, 1 სექტემბრიდან მკვეთრად გაიზრდება სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა და კლინიკებს მიაკითხავს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებლობის არქონის გამო, ექიმთან 10-15 წელია არ ყოფილან. ვანო მერაბიშვილის თქმით, კლინიკები და სადაზღვევო კომპანიები აღნიშნულ გამოწვევას მომზადებულები უნდა შეხვდნენ და ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად მხარში უნდა ამოუდგეს მათ.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დეტალურად მოახსენა პრემიერ-მინისტრს იმ ღონისძიებებზე, რომლებითაც მისი უწყება ეხმარება კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს გაზრდილ მიმართვიანობასთან გამკლავებაში. მისი განცხადებით ჯანდაცვის სამინისტრომ ტრენინგი ჩაუტარა 300 ადამიანს, რომლებიც განთავსდებიან ყველა კლინიკაში და ხელს შეუწყობენ არა მარტო რიგების მართვას, არამედ განუმარტავენ ახლად დაზღვეულებს პოლისის გამოყენების წესს. გარდა ამისა, სამინისტრომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში აქტიურად გამოიყენა მედია საშუალებები რათა გაეცნო მოსახლეობისთვის პოლისის მოქმედების წესი. შედეგად, ჭიაბერაშვილის განცხადებით, მისი უწყება მზად არის გაუმკლავდეს ყველა იმ პრობლემას, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ჯანდაცვის სისტემაში, მას შემდეგ, რაც იგი 1 სექტემბრიდან დაზღვეულების ახალ ნაკადს მიიღებს.

2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით აზღვევს ყველა ასაკით პენსიონერს,  5 წლის ჩათვლით ასაკის ყველა ბავშვს, ყველა სტუდენტს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს - ჯამში დაახლოებით მილიონ ადამიანს. შედეგად, 1 სექტემბრიდან დაზღვეულთა საერთო რაოდენობა 2.4 მილიონი მოქალაქე იქნება, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის მკვეთრი ზრდა არის მოსალოდნელი.