საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობას გაეცნო ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კახეთში იმყოფებოდა, სადაც ყურძნის ჩაბარების პროცესში მონაწილე კერძო კომპანიების „თელავის ღვინის მარნის" და „თელიანი ველის" ღვინის ქარხნებს ესტუმრა.

თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი „თელავის ღვინის მარან"-ში მივიდა, რომელიც დღეში საშუალოდ 100 ტონა ყურძენს იბარებს და სულ რთველის განმავლობაში 4 ათასი ტონის მიღებას გეგმავს. მარანში ვანო მერაბიშვილი დასათვალიერებლად მოსულ უცხოელ ტურისტებსაც გაესაუბრა და მათი საქართველოში მოგზაურობის გეგმებით დაინტერესდა.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი „თელიანი ველის" ღვინის ქარხანაში მივიდა და ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო. კომპანია დღეში 50-80 ტონა ყურძენს იბარებს და სულ რთველის განმავლობაში 1400 ტონა ყურძნის მიღებას გეგმავს.

ვანო მერაბიშვილმა „თელიანი ველის" მარანიც დაათვალიერა, სადაც კომპანიის მიერ გამოშვებული ღვინო დააგემოვნა. მისი განცხადებით მიმდინარე წელს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 60%-ით გაიზარდა და აღნიშნული ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. შედეგად მარტო ღვინის ტურიზმის კუთხით კახეთს წელიწადში 2-3 მილიონი ტურისტი ეწვევა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ღვინოზე მოთხოვნილების ზრდას გამოიწვევს.