საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა გლდანის N8-ე საპყრობილეში დაკავებული პირების წამების და ღირსების შელახვის ფაქტების შესახებ:

„მე მინდა გამოვეხმაურო სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ დანაშაულს და გამოვხატო მთავრობის ერთიანი პოზიცია. გლდანის N8-ე საპყრობილეში ჩადენილი დანაშაული არის აღმაშფოთებელი. ეს არის ადამიანის ღირსების შელახვა და წამება. ამიტომ ყველა, ვინც ამ საქმეში არის ჩარეული, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა, ყველა არის დაპატიმრებული ან იმყოფება ძებნაში. ყველა მათგანი წარსდგება მართმსაჯულების წინაშე - ამ დანაშაულის შემსრულებელიც, დამკვეთიც და ორგანიზატორიც.

მე პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ ისევე, როგორც ჩვენ აღმოვფხვერით წამების პრაქტიკა პოლიციაში, რაც ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ჩვენებისა და აღიარების გამოძალვისთვის, და თქვენ იცით რომ პოლიციაში უკვე დიდი ხანია ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონია, მე პირადად უზრუნველვყოფ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში აღმოიფხვრას ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი სხვა ქმედებები. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ."

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის მიმართვა, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.