საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს და საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საზოგადოების ინტერესზე გლდანის #8-ე საპყრობილეში პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია უმოკლეს ვადებში იქნას გამოძიებული აღნიშნული ფაქტები და ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მიხედვით. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნული მასალების წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნების საკითხზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია დადგინდეს თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს.

მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პრემიერ-მინისტრს გააცნო მოცემული მომენტისთვის გამოძიების მიერ მიღწეული შედეგები. მისი განცხადებით, დაკავებული არის 11 საჯარო მოხელე, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებიც, და მათ სასამართლომ უკვე შეუფარდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. გარდა ამისა, მიმდინარეობს გავრცელებული ვიდეოკადრების შესწავლა, რათა დადგინდეს როგორც მასში მონაწილე პირების ვინაობა, ასევე გადაღების დრო. მურთაზ ზოდელავამ მოუწოდა ყველას, ვისაც გააჩნია წამების და არაადამიანური მოპყრობის დამამტკიცებელი დამატებითი მასალა მიაწოდოს იგი პროკურატურას, რათა დროულად მოხდეს მსგავსი დანაშაულების პრევენცია.

შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ მასალაში ასახული დანაშაული ჩადენილ იქნა მხოლოდ გლდანის #8-ე საპყრობილეში, გამორიცხული არ არის მსგავსი ფაქტების არსებობა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც. მსგავსი შემთხვევების განმეორების გამორიცხვის მიზნით, ვანო მერაბიშვილმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს დაავალა სასჯელაღსრულების სისტემაზე ზედამხედველობის და მონიტორინგის ახალი მექანიზმების შემუშავება.